ახალი ამბები

საქართველო კონფლიქტის ზონაში იარაღის შეტანას აპროტესტებს და სამშვიდობო შეთანხმების დენონსაციით იმუქრება






იხილეთ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის
დეტალური რუქა უფრო ფართო ფორმატით.
დაძაბულობა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთმა რეგიონში დამატებითი სამხედრო აღჭურვილობა შეიტანა. რუსულმა მხარემ ეს ფაქტი კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოებისთვის იარაღის როტაციის მოტივით ახსნა.


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც უარი განაცხადა კონფლიქტის ზონიდან საქართველოს შინაგანი ჯარების ნაწილების გამოყვანაზე და 1992 წელს რუსეთსა და საქართველოს მიერ ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმებიდან გამოსვლით დაიმუქრა, 20 ივლისს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა საგანგებოდ მოიწვია.


“რუსეთის სამშვიდობო ჯარების მეთაურმა [ვიაჩესლავ ნაბზდოროვმა] განაცხადა, რომ რუსი სამშვიდობოები მხოლოდ ძველ შეიარაღებას ცვლიან ახლით, თუ ეს მართლაც როტაციაა, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, ნებისმიერი შეიარაღების გადაადგილება კონფლიქტის ზონაში, მითუმეტეს, რომ ეს საკმაოდ არაგამჭვირვალედ ხდება, ქართულ მხარესთან შეთანხმებით უნდა განხორციელდეს. ამგვარ ცალმხრივ გადაწყვეტილებებს ვერ შევეგუებით”, განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ.


მისი განცხადებით, ქართული მხარე შიშობს, რომ ეს შეიარაღება “სეპარატისტების ხელში აღმოჩნდება”.


“უკანონო შეიარაღებას კონფლიქტის ზონაში იგივე ბედი ეწევა, რაც “ფაგოტის” ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებს ხვდათ წილად”, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, მხედველობაში ჰქონდა რა უმართავი ჭურვებით დატვირთული ორი რუსული მანქანა, რომელიც ქართულმა მხარემ 7 ივლისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დააკავა.


უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გივი იუკურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ პროტესტი გამოთქვა, რუსეთმა შეაჩერა შეიარაღების შეტანა კონფლიქტის ზონაში. თუმცა, არსებული ინფორმაციით, ათზე მეტი ერთეული ჯავშანტექნიკა რეგიონში უკვე შეტანილია და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განლაგდა.     


შეიარაღება კონფლიქტის ზონაში როკის გვირაბის გავლით შევიდა. ქართული მხარე კვლავ ცდილობს დაარწმუნოს რუსეთი როკის გვირაბთან ერთობლივი საგუშაგოს გახსნის საჭიროებაში, რაც, თბილისის მტკიცებით, აღკვეთს “რეგიონში კონტრაბანდისა და იარაღის შეტანას”.


ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 ივლისს საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიერ 1992 წელს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ხელმოწერილი შეთანხმების დენონსაციით დაიმუქრა. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ქართული მხარე არ გამოიყვანს ძალებს და არ გააუქმებს კონფლიქტის ზონაში განლაგებულ ქართულ საგუშაგოებს.


პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებებმა მოსკოვისა და ცხინვალის შეშფოთება გამოიწვია.


“ჩვენ ვერ დავტოვებთ ქართულ სოფლებს [სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში] დაცვის გარეშე. ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ რუსი სამშვიდობოებისა და მათი მეთაურის [ვიაჩესლავ ნაბზდოროვის] იმედზე”, განაცხადა სააკაშვილმა 20 ივლისს, აჭარის უზენაესი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.


“მათ [სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა] რამდენჯერმე სცადეს ქართული სოფლების აღება, თუმცა, ვერ შეძლეს, რადგანაც იქ ჩვენი ჯარები იყვნენ განლაგებულნი. ახლა, ისინი ცდილობენ გვაიძულონ დავტოვოთ კონფლიქტის ზონა შეთანხმებებისა და მოლაპარაკებების გზით, თუმცა, ჩვენი მოტყუება არც ისე ადვილია. აი რა მოხდება, თუ ქართული ჯარები გამოვლენ: ოსური მხარე ქართულ სოფლებს აიღებს და იმ ტერიტორიების გაკონტროლებასაც ვეღარ შევძლებთ, რომელთაც ახლა ვაკონტროლებთ. ჩვენ არ გამოვიყვანთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ქართული სოფლებიდან”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 20 ივლისს.


2 ივნისს, შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფარგლებში ხელმოწერილი ოქმით, ქართულმა მხარემ იკისრა ვალდებულება კონფლიქტის ზონიდან დამატებითი შეიარაღებული ძალების გამოყვანის თაობაზე. თბილისმა დაადასტურა თავისი ვალდებულება 16 ივლისს მოსკოვში გამართულ შსკ-ს სხდომის შედეგად ხელმოწერილი კიდევ ერთი ოქმით.


1992 წელს ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, ქართულ და ოსურ მხარეებს, ისევე როგორც რუსეთს, კონფლიქტის ზონაში არ აქვთ უფლება იყოლიონ 500 ჯარისკაცზე მეტი შერეული სამშვიდობო კონტინგენტის ფარგლებში.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო მზად არის “უარყოს და გამოვიდეს ყველა იმ შეთანხმებიდან”, რომელთაც საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ მოაწერა ხელი, იმ შემთხვევებში, თუ ეს დოკუმენტები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.


სააკაშვილის განცხადებამ აიძულა ოსური მხარე შეეხსენებინა საქართველოსთვის, რომ 10 წლის წინ ხელმოწერილი სამშვიდობო  შეთანხმება “რეგიონში მშვიდობის შენარჩულების გარანტს” წარმოადგენს.


“ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ორ საქართველოსთან გვაქვს საქმე – ერთი, რომელიც ხელს აწერს ოქმებს და იღებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ვალდებულებას და მეორე, რომელიც ომით იმუქრება”, განუცხადა შერეულ საკონტროლო კომისიაში სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა 20 ივლისს რუს ჟურნალისტებს.


არ დააყოვნა არც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებამ, რომელიც 20 ივლისს გამოქვეყნდა და სადაც ნათქვამია, “1992 წლის სამშვიდობო შეთანხმებიდან გამოსვლას რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის განახლება მოჰყვება”.


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაადანაშაულა “რუსეთის სპეცსამსახურები” კონფლიქტის ზონაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში. “ჩვენ დამადასტურებელი საბუთები გვაქვს იმისა, რომ 38 ქართველი ჯარისკაცის დაკავება [ე.წ სამხრეთ ოსეთში] რუსეთის სპეცსამსახურების ორგანიზებით მოხდა”,  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, მხედველობაში ჰქონდა რა 7 ივლისის ინციდენტი, როდესაც ქართველი სამშვიდობოები სოფელ ვანათში განაიარაღეს და დააპატიმრეს.


მათი უმეტესობა 9 ივლისს გაათავისუფლეს; თუმცა, სამი ქართველი ჯარისკაცი კვლავაც პატიმრობაში რჩება ცხინვალში.


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა სურს რუსეთთან, თუმცა, “ჩვენი რუსეთთან მეგობრობის და კომპრომისის ზღვარი მთავრდება იქ, სადაც იწყება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა“.


კონფლიქტის მხარეებს შორის სიტყვიერი ომი 16 ივლისს შემაჯამებელი პროტოკოლის ხელმოწერიდან ოთხი დღის შემდეგ განახლდა. მოსკოვში ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეები კრიზისის დიალოგის გზით მოგვარებაზე შეთანხმდნენ.         

მსგავსი/Related

Back to top button