ახალი ამბები

პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოფიციალურად წარადგინა

დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად 19 ივლისს ჩავიდა ბათუმში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ახლადარჩეულ საკანონმდებლო ორგანოს ლევან ვარშალომიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარუდგინა.


“აჭარას ახლა ახალგაზრდული ენერგია სჭირდება, რა კრიტერიუმსაც ლევან ვარშალომიძე სრულად აკმაყოფილებს”, განუცხადა პრეზიდენტმა 20 ივლისს ჟურნალისტებს.


ლევან ვარშალომიძე, 6 მაისს აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის მოსკოვში წასვლის შემდეგ, დროებით საპრეზიდენტო საბჭოს ედგა დღემდე სათავეში. მანამდე კი იგი საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.


დღესვე აჭარის 30 წევრიანი უმაღლესი საბჭო თავმჯდომარეს აირჩევს. ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ფაქტიურად დაადასტურა, რომ მიხეილ მახარაძისა და კობა ხაბაზის შესაძლო ორი კანდიდატურიდან, ამ პოსტზე  საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, მიხეილ მახარაძის კანდიდატურა შეირჩა.


კობა ხაბაზი, რომელმაც აჭარის არჩევნებში მონაწილეობის გამო საქართველოს პარლამენტის წევრობაზე თქვა უარი და დიდი წვლილი მიუძღვის აჭარის “უსისხლო” რევოლუციაში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში გააგრძელებს მუშაობას.


“კობა ხაბაზმა გამოთქვა სურვილი, რომ მოღვაწეობა აჭარის აღმასრულებელ ხელისუფლებაში განაგრძოს, იგი აპირებს, რომ მოხსნას საკუთარი კანდიდატურა მიხეილ მახარაძის სასარგებლოდ”, განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს.



 

მსგავსი/Related

Back to top button