ახალი ამბები

სტრატეგიული როკის გვირაბი მომავალ მოლაპარაკებებზე კვლავ აქტუალური იქნება

მიუხედავად იმისა, რომ 15-16 ივლისს მოსკოვში გამართულ ოთხმრივ შერეულ საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე მიღებულ შემაჯამებელ პროტოკოლში ქართული მხარის მოთხოვნა როკის გვირაბის გაკონტროლების შესახებ არ იქნა გათვალისწინებული, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსკოვში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებებით მაინც კმაყოფილია.

16 ივლისს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის მთავარი მიზანი – არ მოხდეს შეიარაღებული კონფლიქტის განახლება – მიღწეულია.

მისი თქმით “მოსკოვიდან გაცემული ბრძანების შემდგომ“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია დატოვეს იმ კაზაკთა და აფხაზთა უკანონო შეიარაღებულმა  ფორმირებებმა, რომლებიც ჯავის რაიონში მას შემდეგ შევიდნენ, რაც რეგიონში მდგომარეობის უკიდურესად დაიძაბა.

“ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ქართულმა მხარემ ამ პროტოკოლს მოაწერა ხელი სწორედ ის არის, რომ უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა დატოვეს კონფლიქტის ზონა. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა“, დასძინა პრეზიდენტმა.

შეთანხმებას დადებითად აფასებენ მოსკოვსა და ვაშინგტონშიც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 16 ივლისს პარიზში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ 15-16 ივლისს მოსკოვის მოლაპარაკებების შედეგები “პოზიტიურია”.

საქართველოში აშშ–ის ელჩმა რიჩარდ მაილსმა 17 ივლისს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანთან გელა ბეჟუაშვილთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ იგი დადებითად აფასებს ოთხმხრივი კომისიის მიერ ხელმოწერილ პროტოკოს.

ის, რომ პროტოკოლში არ იქნა გათვალისწინებული ქართული მხარის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა – როკის გვირაბის გაკონტროლება, საქართველოს პრეზიდენტის აღშფოთებას არ იწვევს. “ამ საკითხზე საუბარი რუსულ მხარესთან მომავალშიც გაგრძელდება, ეს მხოლოდ დროის ამბავია“ , დასძენს პრეზიდენტი სააკაშვილი.

საქართველოს საერთაშორისო სტრატეგიული კვლევის ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე რონდელი მიიჩნევს, რომ რუსეთისგან სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე როკის გვირაბის საკითხთან დაკავშირებით დათმობაზე წასვლა მოსალოდნელი არც ყოფილა.

“ქართული მხარის მიერ როკის გვირაბზე კონტროლის დამყარება ტერიტორიული მთლიანობის აღდეგნის ტოლფასია. ამიტომ ის ფაქტი, რომ რუსეთი არ წავიდა ამ დათმობაზე, გასაკვირი არც არის“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ ალექსანდრე რონდელმა.

ექსპერტების განცხადებით, ქართველების მიერ როკის გვირაბის გაკონტროლებით, ცხინვალის ხელისუფლება, რომელსაც ოფიციალური თბილისი “კრიმინალურს“ უწოდებს, რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზას კარგავს. ქართული მხარე აცხადებს, რომ ამ გვირაბის მეშვეობით ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი რუსეთიდან იარაღით მარაგდება. აღსანიშნავია, რომ ქართული მხარე ანალოგიურ განცხადებებს 90–იანი წლების დასაწყისში, ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის დროსაც აკეთებდა.

ალექსანდრე რონდელის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების აქტიურ ნაბიჯები და საერთაშორისო თანამეგობრობის თბილისისადმი მხარდაჭერა, მოსკოვს რთულ მდგომარეობაში აყენებს.

“პრეზიდენტ სააკაშვილის აქტიურობის ფონზე რუსეთს მანევრირებისათვის უფრო ნაკლები შანსები რჩება. რუსეთი ნელ-ნელა კარგავს ძალაუფლებას კავკასიაზე და არც ძალის გამოყენების საშუალება და უფლება არ აქვს. ეს კი ძირითადად დასავლეთისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციით არის განპირობებული“, აცხადებს რონდელი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე აჩქარება საჭირო არ არის, ყველაფერი დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს. “ამის შანსი კი პრეზიდნეტს ნამდვილად აქვს“, დასძინა ალექსანდრე რონდელმა, რომლის აზრითაც, “ახლა მთავარია ოსური მოსახლეობის ნდობის მოპოვება”.

თუ იმ განცხადებების მიხედვით ვიმსჯელებთ, რაც ოფიციალურმა პირებმა მოსკოვის მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთეს, ხელმოწერილ პროტოკოლში პრინციპული ახალი არაფერია.

მხარეები ვალდებულებას იღებენ შეასრულონ ცხინვალში 2 ივნისს გამართული ოთხმხრივი კომისიის შეხვედრის დროს ხელმოწერილი პროტოკოლის პირობები, რაც გულისხმობს კონფლიქტის ზონიდან ზედმეტი შეიარაღებული ძალების გაყვანას, გარდა იმ ჯარებისა, რომელიც ერთობლივ სამშვიდობო კონტიგენტის შემადგენლობაში შედიან. მხარეები ასევე პირობას დებენ არ მოხდეს კონფლიქტის ზონაში ეკონომიკური ან სხვა ტიპის ზეწოლის გამოყენება.  

თუმცა ერთი სიახლეც  არის – თბილისი მზად არის შეასრულოს 2 ივნისის პროტოკოლი, მხოლოდ იმ დათქმით, რომ შეთანხმების მე–7 პუნქტი შემდგომ განხილვას საჭიროებს. 2 ივნისის პროტოკოლის ეს მუხლი კი კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო კონტიგენტისთვის  რუსული ვერტმფრენების განთავსებას ითვალისწინებს. 

აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის დარეგულირების გარშემო სხვადასხვა დონის კონსულტაციები უკვე მუდმივ ხასიათს იღებს. 17 ივლისს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა, რომელიც მოსკოვიდან 16 ივლისს დაბრუნდა, შეხვედრა გამართა საქართველოში აშშ–ის ელჩთან რიჩარდ მაილსთან.

იმავე დღეს გელა ბეჟუაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩს ლევ მირონოვსაც შეხვდა, რომელიც მოსკოვმა თბილისში კონფლიქტის ზონაში ვითარების დაძაბვის შემდეგ სპეციალურად მოავლინა.

მსგავსი/Related

Back to top button