ახალი ამბები

მხარეები “შუალედურ შეთანხმებას“ აწერენ ხელს

მოსკოვში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) მონაწილეებმა, 15 ივლის გვიან საღამოს შემაჯამებელ პროტოკოლს მოაწერეს ხელი, რომელსაც თბილისი “შუალედურ შეთანხმებას“ უწოდებს.

შეთანხმების დებულებები, მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა გააცნო, რომელიც შსკ–ის სხდომზე რუსულ მხარეს წარმოადგენდა.

“მხარეები თანხმდებიან, რომ არ გამოიყენებენ იარაღს, ასევე ეკონომიკური და ზეწოლის სხვა ფორმებს. ეს პროტოკოლის ძალზედ მნიშვნელოვანი ნაწილია“, განაცხადა ვალერი ლოშჩინინმა.

მისი თქმით 15 ივლისის პროტოკოლით მხარეები პირობას დებენ შეასრულონ ცხინვალში 2 ივნისს შსკ–ის სხდომაზე ხელმოწერილი შეთანხმების პირობები, რომლის მიხედვითაც ქართულმა მხარემ კონფლიქტის ზონიდან უნდა გაიყვანოს შინაგანი ჯარების დამატებითი ქვედანაყოფები, ასევე გააუქმოს ყველა დამატებითი საგუშაგო, რომელიც კონფლიქტის ზონაში მაისის ბოლოსა და ივნისის მონაკვეთში გაიხსნა.

ქართული მხარე მზად არის შეასრულოს 2 ივნისის პროტოკოლი, მხოლოდ გარკვეული დათქმით, რომ შეთანხმების მე–7 პუნქტი შემდგომ განხილვას საჭიროებს. 2 ივნისის პროტოკოლის ეს მუხლი კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო კონტიგენტისთვის  რუსული ვერტმფრენების განთავსებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ 15 ივლისის შეთანხმება არაფერს ამბობს ქართული მხარის მიერ წამოყენებულ წინადადებებზე, კერძოდ, თბილისის მიერ როკის გვირაბის გაკონტროლებაზე და ჯავის რაონიდან ჩრდილოეთ კავკასიიდან შესული შეიარაღებული ჯგუფების ე.წ “დაქირავებულების” გაყვანაზე. ამ ორივე პირობის საბოლოო ოქმში დაფიქსირებას ქართული მხარე უშედეგოდ ცდილობდა ორი დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს.


ამის მიუხედავად, შსკ–ში ქართული მხარის წარმომადგენელმა გოგა ხაინდრავამ მიღწეული შეთანხმება დადებითად შეაფასა, რადგან მისი თქმით ეს კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.


“ეს შუალედური შეთანხმებაა, რომელიც საშუალებას მოგვცემს შემდეგი ნაბიჯებისთვის მოვემზადოთ“, განუცხადა გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებს მოლაპარაკებების შემდეგ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა ასევე განაცხადა, რომ მხარეები თანხმდებიან კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული ტვირთის შეუფერხებლად გადაადგილებაზე.


მისივე თქმით, 15 ივლისის შეთანხმების საფუძველზე თბილისისა და ცხინვალის წარმომადგენლები მუდმივმოქმედ რეჟიმში გააგრძელებენ კონსულტაციებს დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად.


მოლაპარაკებების შემდეგ ყველა აღიარებდა, რომ შეხვედრა საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდა. შსკ–ში სამხრეთ ოსეთის არაღიარებული მთავრობის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროტოკოლის ხელმოწერა მხოლოდ მასსა და გოგა ხაინდრავას შორის ორმხრივი მოლაპარაკების შემდეგ გახდა შესაძლებელი.


ბორის ჩოჩიევმა ასევე განაცხადა, რომ შსკ–ის მომდევნო სხდომა “უახლოეს დღეებში თბილისში გაიმართება.“


ამასობაში, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი, რომელიც კვლავაც მოსკოვში იმყოფება, 16 ივლისს კიდევ ერთხელ შეხვდება თავის რუს კოლეგას იგორ ივანოვს და მასთან ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავს, სადაც ოთხმხრივ ფორმატში მიღწეული შეთანხმებაზეც  იქნება საუბარი.

მსგავსი/Related

Back to top button