ახალი ამბები

ქართული საგარეო უწყება რუსეთს “დაქირავებული ბოევიკების” საქართველოდან გაყვანისკენ მოუწოდებს

რუსული საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა ცხინვალის რეგიონში ე.წ. “დაქირავებულების”გამოჩენასთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში რუსეთიდან შემოვიდნენ.


“ბოლო დროს რუსეთის ტერიტორიიდან როკის გვირაბით საქართველოში, კერძოდ, ცხინვალის რეგიონში სხვადასხვა ტიპის მძიმე შეიარაღებით აღჭურვილი ასობით რუსი ბოევიკი შემოდის, რუსი მესაზღვრეები კი ხელს არ უშლიან როკის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე ბოევიკების შემოსვლას “, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ნოტაში.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებს კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსული სამშვიდობო ძალების სარდლის სვიატოსლავ ნაბდზოროვის უფლებამოსილებების გადამეტებისა და მის მიერ გაკეთებულ პოლიტიკური განცხადებების ფაქტებზე.


“მსგავსი მოქმედებები, რომლებიც რუსეთის მხრიდან მიზანმიმართული პროპაგანდის თანხლებით მიმდინარეობს, ცხინვალის რეგიონში დაძაბულობის ზრდას უწყობს ხელს და საომარი მოქმედების დასაწყისისკენ უბიძგებს”, ნათქვამია ნოტაში.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს პროტესტს და რუსულიი მხარისგან მოითხოვს ყველა ზომის მიღებას, რათა რუსეთის მოქალაქე დაქირავებულმა პირებმა საქართველოს ტერიტორია დატოვონ. “უნდა აღიკვეთოს საქართველოში რუსეთის ტერიტორიიდან ბოევიკების შემოსვლის ნებისმიერი მცდელობა”, აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მსგავსი/Related

Back to top button