ახალი ამბები

ოფიციალური მოსკოვი რუსეთის მიმართ სააკაშვილის მკვეთრ განცხადებებს ეხმაურება

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსეი იაკოვენკომ დღეს კომენტარი გააკეთა “ფარტომასშტაბიანი უცხოური აგრესიის გამოვლინების შემთხვევაში საქართველოს მზადყოფნის” შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე.
 
“თუ პრეზიდენტი სააკაშვილი უცხოურ აგრესიაში რუსეთს გულისხმობს, ეს გაუგებარია, რადგან რუსეთი უკვე 12 წელია მაქსიმუმს აკეთებს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად“,  განაცხადა ალექსეი იაკოვენკომ.
 
მისი თქმით, სწორედ შერეული სამშვიდობო ძალების [რუსული, ქართული, ოსური] ძალისხმევით ვითარება კონტროლს ექვემდებარება, რაშიც რუსეთს უდიდესი წვლილი მიუძღვის. 
 
“მსგავსი განცხადებები კეთდება იმ ფონზე, როცა რუსეთი ცდილობს არსებული ვითარების განმუხტვას და მხარეებს დიალოგის გზით პრობლემების მოგვარებას სთავაზობს”, აცხადებს იაკოვენკო.


მისი აზრით, სწორედ მოსკოვის დამსახურებაა ის ფაქტი, რომ 14 ივლისს შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში მხარეები კვლავაც მშვიდობიან დიალოგს აგრძელებენ.
 
“რუსეთი ყოველთვის ეხმარებოდა საქართველოს. მეგობრობის შესახებ სიტყვები საქმით უნდა დადასტურდეს”, დასძინა იაკოვენკომ.
 
“მე პუტინს მეგობრობის ხელი გავუწოდე, რომელიც სამწუხაროდ ჰაერში რჩება გამოკიდებული”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 10 ივლისს თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ღონისძიებაზე, სადაც ცხინვალის რეგიონში დაძაბულობის უკიდურესი გამწვავების ფონზე სხვა მკვეთრი განცხადებებიც გაკეთდა რუსეთის მისამართით.

მსგავსი/Related

Back to top button