ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთი საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობას ააქტიურებს

მაშინ როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი 12 ივლისს ლონდონში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს ჯეფრი ჰუნს ხვდებოდა, ქართველი და ბრიტანელი სამხედროები თბილისის მახლობლად, ვაზიანის სამხერდო ბაზაზე ერთობლივ წვრთნებს გადიოდნენ.


ცხინვალის რეგიონში არსებული დაძაბული ვითარების მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტი არ გადადო და დიდ ბრიტანეთში 12 ივლისს გაემგზავრა. ლონდონში სამდღიანი ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილი დიდ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერს, საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეკ სტროს და დედოფალ ელიზაბეტ II-ს ხვდება.


“ლონდონში ვიზიტი ოსეთში განვითარებულ მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი და მის გადადებას არ ვაპირებ. პირიქით, სწორედ ახლა ენიჭება დიდი მნიშვნელობა ასეთ ვიზიტებს, რადგან საქართველოს ახლა სჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. ჩვენ ყველა ტრიბუნა ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ ამ მიზნით“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის აეროპორტში 12 ივლისს, ლონდონში გამგზავრებამდე.


აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის ლონდონში ჩასვლამდე, ბრიტანეთის დედაქალაქში ვიზიტი დაასრულა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა, რომელიც სააკაშვილის ვიზიტისთვის არასახარბიელო ფონის შექმნას შეეცადა და საქართველო ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ვითარების დაძაბვაში ლონდონიდან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 ივლისს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრთან ჯეფრი ჰუნთან შეხვედრის შემდეგ, ქართველი ჟურნალისტებისთვის მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისას ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის დეტალები იქნა განხილული.


“ქართველების სამხედრო საქმეს შესანიშნავად ეუფლებიან, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კარგი მასწავლებლები, მრჩევლები; ჩვენ ოფიცრებს სჭირდებათ ინგლისური ენის შესწავლა. სწორედ ამაში შეუძლიათ ბრიტანელებს დახმარება გაგვიწიონ“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მისი თქმით საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციის საკითხიც იქნა განხილული ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის დროს. “საქართველოს ნატო–ში გაწევრიანება – ეს გარდაუვალი პროცესია, იმისდამიუხედავად, ზოგიერთ პოლიტიკოსს რუსეთში რა დონეზე გააღიზიანებს ეს ფაქტი“, დასძინა სააკაშვილმა.


უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის.


4–17 ივლისს საქართველოს მე-11 ბრიგადის ოფიცრები და ჯარისკაცები, დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ასეულთან ერთად, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ერთობლივ წვრთნებს გადიან.


ასევე, საქართველოში იმყოფება ბრიტანეთის სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი, რომელიც დახმარებას უწევს აშშ–ის მიერ დაფინანსებულ “წრთვნისა და აღჭურვის“ პროგრამაგამოვლილ ქართველ ჯარისკაცებს სამშვიდობო ოპერაციების წარმართვის კუთხით.


საქართველოს თავდაცვის მინისტრს უკვე ჰყავს ერთი ბრიტანელი, სპეციალური მრჩეველი თავდაცვის საკითხებში, რომელიც თავდაცვის სფეროს რეფორმირების საკითხებში ქართულ მხარეს რეკომენდაციებს უწევს.


ბრიტანელი პარლამენტარი ბილ რამელი, რომელიც საქართველოს 5–6 ივლისს სტურმრობდა, აცხადებს, რომ “დიდ ბრიტანეთს ახლო კავშირები აქვს საქართველოსთან.“


დიდი ბრიტანეთი საქართველოში არსებული კონფლიქტების დარეგულირების საკითხით უკვე დიდი ხანია დაინტერესდა. 2002 წელს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ საქართველოს საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად სერ ბრაიან ფოლი დანიშნა, რომელიც აქცენტს სწორედ კონფლიქტების დარეგულირების საკითხზე აკეთებს.


“ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი სერ ბრაიან ფოლი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან კონფლიქტების მოგვარების კუთხით“, განაცხადა ბილ რამელმა თბილისში ვიზიტის დროს.


მოგვიანებით, ბრიტანულ გაზეთ “ინდეფენდენთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რამელმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს პრეზიდნეტ სააკაშვილის მთავრობას, თუმცა იქვე დასძინა, რომ “ჩვენ გულუბრყვილოები არ უნდა ვიყოთ და მხარდაჭერის პარალელურად კრიტიკულობა არ უნდა დავკარგოთ”.


 

მსგავსი/Related

Back to top button