ახალი ამბები

აფხაზები მზად არიან დახმარება გაუწიონ ოსებს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება მზად არის საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღმოუჩინოს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას. ამის შესახებ აფხაზურ საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესს“ აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი არშბამ განუცხადა.
 
“ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებს და არ ვიპირებთ გულგრილად ვუყუროთ შექმნილ სიტუაციას, საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ძმურ ოსეთს ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში“, განაცხადა ვალერი არშბამ.
 
მისი თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას შორის არსებობს თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტები, როგორც ეკონომიკურ და პოლიტიკურ, ისე სამხედრო სფეროში. “სიტუაციის გართულების შემთხვევაში მთელი ჩრდილოეთ კავკასია დახმარებას გაუწევს სამხრეთ ოსეთს და არ დატოვებს მარტო მტრის პირისპირ“, აცხადებს არშბა.
 
იგი არ გამორიცხავს, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის  ძალისმიერმა გადაწყვეტამ ასახვა ჰპოვოს აფხაზეთზეც. “ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ ქართული აგრესიის შემთხვევაში მზად ვართ თავდაცვისათვის“, აღნიშნა აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტმა.
 
მან საქართველოს ხელისუფლებას ქართულ-ოსური კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებისკენ მოუწოდა.   


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვებ-გვერდებზე 12 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აფხაზური სამხედრო შენაერთები ერთობლივ წრთვნებს გადიან ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ადგილობრივ სამხედროებთან, ჩრდილოეთ ოსურ, დნესტრისპირეთისა და ყარაჩაი-ჩერქეზულ სამხერდო შენაერთებთან ერთად.

მსგავსი/Related

Back to top button