ახალი ამბები

ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაზე მოსკოვში იმსჯელებენ

მოსკოვში დღეს უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი და სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა გაემგზავრებიან, სადაც  14 ივლისს დაგეგმილია ქართულ-ოსური კონფლიქტის საკითხზე შერეული საკონტროლო კომისიის გაფართოვებული სხდომა.
 
13 ივლისს კი გელა ბეჟუაშვილი თავის რუს კოლეგას იგორ ივანოვს პირისპირ შეხვდება, სადაც განიხილება ცხინვალის რეგიონში შექმნილი სიტუაცია; ხოლო 14 ივლისს ორივე მათგანი შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობაში აპირებს მონაწილეობის მიღებას.


“ჩვენ გვაქვს საკმარისად საფუძვლიანი არგუმენტები, რათა დავარწმუნოთ მხარეები ჩვენს სიმართლეში”, განაცხადა გოგა ხაინდრავამ გამგზავრებამდე.


გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა შერეული კომისიის სხდომას სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი დაესწროს. ასევე სხდომას დაესწრება ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ძასოხოვი.
 
მოსკოვში შერეული საკონტროლო კომისიის ჩატარების თაობაზე მხარეები 12 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავლებათა ელჩის ლევ მირონოვის ცხინვალში ვიზიტის შემდეგ შეთანხმდნენ.


მოსალოდნელია, რომ კომისია განიხილავს ოსურის მხარის მიერ 8 ივლისს დაპატიმრებული სამი ქართველის ჯარისკაცისა და ასევე ქართული პოლიციის მიერ 7 ივლისს დაკავებული რუსი სამშვიდობოების კუთვნილი იარაღის საკითხებს.


 

მსგავსი/Related

Back to top button