ახალი ამბები

ცხინვალის კრიზისი განიმუხტა, კონფლიქტი რუსულ იარაღთან დაკავშირებით ისევ გრძელდება

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 ივლისს განაცხადა, რომ კრიზისი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დასრულდა და რეგიონში ახალი შეიარაღებული კონფლიქტის გაღვივების საფრთხე აღარ არსებობს. თუმცა, რუსული იარაღის დაკავებასთან დაკავშირებული ინციდენტი და სამხრეთ ოსეთში დაპატიმრებული სამი ქართველი სამშვიდობოს გათავისუფლების საკითხი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში საკმაოდ მწვავე ადგილს იკავებს.
 
“საქართველოს მთავრობის კოორდინირებული მუშაობის, საერთაშორისო მხარდაჭერისა და რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან ხშირი კონტაქტების შედეგად, საქართველომ თავიდან აიცილა სისხლიანი კონფლიქტი, რომლის დაწყებაც სურდათ კოკოითს [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს] და მის მხარდამჭერ ძალებს რუსეთში“, განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა 12 ივლისს თბილისის აეროპორტში ჟურნალისტებს.
 
მისი თქმით, რეგიონის ქართული სოფლების უსაფრთხოება დაცულია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს დაზვერვის სამსახურის მუშაობას და აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს “ზუსტი ინფორმაცია გააჩნია, თუ რა რაოდენობის იარაღი და რამდენი მებრძოლი იქნა გაგზავნილი რუსეთიდან სამხრეთ ოსეთში“.
 
“ამჟამად, ჯავის რაიონში 190-მდე შეიარაღებული კრიმინალი იმყოფება. ისინი რეგიონში ჩრდილოეთ ოსეთიდან შევიდნენ. თუმცა, ჩვენთვის რაიმე საფრთხეს არ წარმოადგენენ“, განაცხადა სააკაშვილმა.
 
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაცია საქართველოში “მხოლოდ დროის ფაქტორია, მთავარია, რომ ჩვენ თავიდან ავიცილეთ შეიარაღებული კონფლიქტის განახლება“.


 “ამჟამად, სეპარატისტები მხოლოდ ცხინვალს, ჯავას და კვაისს აკონტროლებენ. ამ რაიონების რეინტეგრაციაც საკმაოდ მალე მოხდება“, განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტის აზრით, ეს მიზანი “მაქსიმუმ ერთ წელიწადში” მიიღწევა.
 
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 7 ივლისს დაწყებულ კრიზისს, როდესაც ქართველმა სამხედროებმა რუსი სამშვიდობოების კუთვნილი იარაღით დატვირთული მანქანები დააკავეს, კონფლიქტის ზონაში პერიოდული სროლები მოჰყვა, რომლის დროსაც რვა ქართველი დაიჭრა. სამხრეთ ოსური მხარის განცხადებით, სროლებისას რამდენიმე ოსიც დაიჭრა.
 
რუსული იარაღის კონფისკაციას, რომელიც, თბილისის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ჯგუფებისთვის იყო განკუთვნილი, კონფლიქტის ზონაში განლაგებული ათობით ქართველი სამშვიდობოს დაპატიმრება მოჰყვა ოსური მხარის მიერ.  9 ივლისს ქართველთა უმეტესობა გაათავისუფლეს, თუმცა სამი მათგანი კვლავაც პატიმრობაში რჩება ცხინვალში.
 
ჩამორთმეული იარაღი და სამი ქართველი პატიმარი მოსკოვსა და თბილისს შორის ვაჭრობის საგნად იქცა.
 
“რუსები და ოსური მხარე ჩამორთმეული იარაღის სამხრეთ ოსეთის რეგიონში დაბრუნებას ითხოვენ. ცხინვალი თანახმაა გაათავისუფლოს ჩვენი ჯარისკაცები მხოლოდ იარაღის დაბრუნების შემდეგ, მაგრამ, ჩვენ არ გავცვლით ჩვენს ჯარისკაცებს იარაღში. ჩვენ დავუბრუნებთ იარაღს რუსებს, თუმცა არა კონფლიქტის ზონაში. ჩვენ ამ ორ საკითხს ერთმანეთისგან ვმიჯნავთ“, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ 11 ივლისს.
 
გოგა ხაინდრავა 11 ივლისს რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩთან ლევ მირონოვთან ერთად ცხინვალში ჩავიდა ქართველი ჯარისკაცების გათავისუფლების მიზნით, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
 
ლევ მირონოვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასს“ განუცხადა, რომ ქართული და ოსური მხარეები ”შეთანხმდნენ  თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან მომავალში“.
 
სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა 13-15 ივლისს მოსკოვს ეწვევა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან იგორ ივანოვთან და სხვა ოფიციალურ პირებთან გამართავს შეხვედრებს.
 
საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც უკვე გააფრთხილა რუსეთი, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი ორმხრივი ქართულ-რუსული ურთიერთობების საკითხია და არა საქართველოს შიდა – ქართულ-ოსური კონფლიქტი, 11 ივლისს განაცხადა, რომ  თბილისი დაუბრუნებს იარაღს რუსეთს კონლიფქტის ზონის გარეთ.
 
რუსეთი კვლავ დაჟინებით აცხადებს, რომ ქართული მხარის მიერ ჩამორთმეული უმართავი ჭურვები კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოებისთვის იყო განკუთვნილი.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 11 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის ორი ვეტმფრენის გაგზავნა კონფლიქტის ზონაში შერეული საკონტროლო კომისიის 2 ივლისის სხდომაზე იყო შეთანხმებული. “დოკუმენტს ქართული მხარიდან გოგა ხაინდრავამ მოაწერა ხელი“, დასძინა მან. თუმცა, თბილისი აცხადებს, რომ დოკუმენტი არ ითვალისწინებს დამატებითი იარაღის შეტანას კონფლიქტის ზონაში.
 
სავარაუდოდ, ჩამორთმეული იარაღისა და დაპატიმრებული ქართველების საკითხი საქართველოს სახელმწიფო  მინისტრის გოგა ხაინდრავასა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის იგორ ივანოვის მოსკოვის შეხვედრის დროს განიხილება.    
 

მსგავსი/Related

Back to top button