ახალი ამბები

მესამე სექტორი ხელისუფლებასთან ოპონირებას ახალი “იმპულსით” გააგრძელებს

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლეთა შეხვედრა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც 6 ივლისს გაიმართა, საკმაოდ დროული აღმოჩნდა იმ მზარდი კრიტიკის ფონზე, რომელიც უფლებადამცველების მხრიდან ხელისუფლების მისამართით ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გაისმის.
 
შეხვედრის ინიციატივა, რომელსაც 30-მდე წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციისა და ფონდის წარმომადგენელი ესწრებოდა, პრეზიდენტის მხრიდან წამოვიდა. საკუთარი პრეტენზიების გამოსახატავად პრეზიდენტის ეს ინიციატივა მათ მშვენივრად გამოიყენეს. ისევე როგორც, ვალში არ დარჩენილა არც მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გარკვეული შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვა არასამთავრობო სექტორში ამჟამად არსებულ, როგორც მან თავად უწოდა, “კრიზისთან“ დაკავშირებით.


შეხვედრას იურისტი დავით უსუფაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც „სივილ ჯორჯიას“ განუცხადა, რომ არასამთავრობო სექტორს ხელისუფლებისადმი ძირითადი პრეტენზიები დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მიმართ გააჩნია, რომელიც ან არ მიმდინარეობს ან არასწორი გზით ხდება; პარლამენტი თავის სიმაღლეზე არ დგას, რაც არა დეპუტატების, არამედ ხელმძღვანელობის ბრალია, რომლებიც მორჩილებას მოითხოვენ უმრავლესობის წევრებისგან; ასევე კრიტიკული დამოკიდებულებაა პოლიტიკური კონკურენციის შეზრუდვის, კანონის უზენაესობის მიმართ, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სასამართლოში “პოლიტიკური ზეწოლის ფაქტები სულ უფრო ხშირი ხდება.“


განსაკუთრებული შეშფოთება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე გამოითქმის, რაშიც ძირითადი წვლილი პოლიციის მიერ ძალადობას და მათი მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებას მიუძღვის.


“ნამდვილად არ ველოდით დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც, თუ ამდენი შეშფოთებისა და წუხილის გამოხატვის საფუძველი იქნებოდა ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით, დღეს პოლიცია იმაზე უკეთესად არ იქცევა, ვიდრე ეს რევოლუციამდე იყო, ზოგ შემთხვევაში გაცილებით უფრო ცინიკურადაც კი მოქმედებს”, განაცხადა “თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა სოზარ სუბელიანმა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას.


მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა დარღვევის არანაკლები ფაქტებია დღეს, ვიდრე ეს შევარდნაძის დროს იყო, “თუმცა არა ყველა სფეროში, იგივე თავდაცვის კუთხით, რელიგიური ექსტრემიზმის, სიტყვის თავისუფლების და სხვა მიმართულებებში გაცილებით უკეთესადაა ვითარება”.


აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირობა დადო, რომ თითქმის ერთი წლის განმავლობაში ვაკანტურ სახალხო დამცველის პოსტზე სწორედ სოზარ სუბელიანის კანდიდატურას წარადგენს, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად შეხვდნენ.


“პირველ რიგში გასაკეთებელია ის, რომ ნდობა აღდგეს ომბუცმენის ოფისის მიმართ, რაც პრინციპული პოზიციებით და ყველა კონკრეტულ ფაქტზე ადექვატური რეაგირებით უნდა იქნეს მიღწეული”, აცხადებს მომავალი სახალხო დამცველი სოზარ სუბელიანი, რომელსაც, როგორც მოსალოდნელია, პარლამენტი ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაამტკიცებს ამ თანამდებობაზე.


ომბუდსმენის ოფისს ადამიანის უფლებების დარღვევებზე რეაგირების ეფექტური საკანონმდებლო ბერკეტები გააჩნია, რისი რეალური ამოქმედებაც ამ კუთხით სიტუაციის გამოსწორებას შეუწყობს ხელს. დღესდღობით ომბუდცმენის ინსტიტუტში არსებული ვაკუუმი აშკარად აისახება ადამიანის უფლებათა დაცვაზე.


“ამდენი ხნის განმავლობაში, რომ ომბუდცმენი არ არის დანიშნული, ეს თავისთავად მეტყველებს ადამიანის უფლებების “პრიორიტეტულობაზე” დღევანდელ ხელისუფლებაში”, აცხადებს უსუფაშვილი.


ნიშნადობლივია, რომ პრეზიდენტისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების შეხვედრამდე რამოდენიმე დღით ადრე, 1 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სასტიკად დაარბია, რის შედეგადაც რამოდენიმე ადამიანი დაშავდა.


“ჩვენ არ დავუშვებთ უწესრიგობას და გზების გადაკეტვას, თუმცა პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებაც აბსოლუტურად დაუშვებელია; მე უკვე მივეცი შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილება ამის თაობაზე“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


“პრეზიდენტის ასეთი პოზიცია იმის მანიშნებელია, რომ საზოგადოების მხრიდან წამოსული სამართლიანი კრიტიკა რეაგირების გარეშე არ დარჩება”, აღნიშნა სოზარ სუბელიანმა “სივილ ჯორჯიასთან”.


მისივე თქმით, დაიწყება საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა, რომელიც არასამთავრობო სექტორის კადრებით დაკომპლექტდება და რომელიც მონიტორინგს გაუწევს ადამიანის უფლებათა დარღვევის თითოეულ ფაქტს.


როგორც იურისტი დავით უსუფაშილმა “სივილ ჯორჯიასთან“ საუბარში აცხადებს, ძალოვანების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე პრეზიდენტის მხრიდან საკმაოდ ზოგადი კომენტარი გაკეთდა და ითქვა, რომ ამ პრობლემას პოლიციის რეფორმის გზით მოევლება, “რაც ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი არ აღმოჩნდა.”


შენიშვნების მოსმენა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც მოუწიათ. პრეზიდენტის განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა განიცადონ ტრანსფორმაცია ახალ რეალობებთან ადაპტაციის მიზნით. ასევე, მესამე სექტორმა მთლიანად უნდა მოიცვას საქართველო და ყველა მათ მიერ აუთვისებელ რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს.


“არასამთავრობო სექტორმა, რომელთანაც მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, უნდა მოახდინოს საკუთარი ინტერესის სფეროების გადახედვა და ახალი იმპულსით უნდა განაგრძოს მოქმედება”, განაცხადა პრეზიდენტმა შეხვედრაზე.


ის, რომ არასამთავრობო სექტორი პოსტრევოლუციურ პერიოდში გარკვეულ პრობლემებს წააწყდა, ამაზე როგორც პრეზიდენტი, ასევე თავად სექტორის წარმომადგენლებიც ღიად საუბრობენ, რის მიზეზადაც რამდენიმე ობიექტური ფაქტორი სახელდება. პირველი ის, რომ არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი თავად იღებდა მონაწილეობას რევოლუციაში და ღიად უჭერდა მხარს მაშინ ოპოზიციაში მყოფ დღევანდელ ხელისუფლებას.


“არასამთავრობო სექტორის მთვარი პრობლემა ისაა, რომ მათ დაკარგეს სააკაშვილი, როგორც ოპოზიციონერი და ხელში შერჩათ, როგორც პრეზიდენტი, სანამ ოპოზიცია არ მომძლავრდება არასამთავრობო სექტორის ქმედების ეფექტიანობა ყოველთვის დაბალი იქნება, რაც ჩემი აზრით დროის პრობლემაა და მალე მოგვარდება”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” დავით უსუფაშვილმა.


და მეორეც, პრეზიდენტის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან კადრების სახელისუფლებო სტრუქტურებში გადადინებამ, მესამე სექტორში “გარკვეული კრიზისის“ ნიშნები გააჩინა.


6 ივლისს არასამთვარობო სექტორის  პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე მხარეთა შეთანხმებით გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს.


“ამ შეხვედრიდან კონკრეტულ შედეგს არავინ ელოდა, მას უფრო ის დატვირთვა ჰქონდა, რომ საკითხებზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს და ზოგადად საზოგადოებას აწუხებს, ჩვენ ველით კონკრეტულ პასუხებს და ქმედებებს ხელისუფლებისაგან და პირადად პრეზიდენტისგან; შეთანხმება კი მდგომარეობს იმაში, რომ ცალკეულ პრობლემატურ საკითხებზე დიალოგის ფორმატი მომავალშიც გაგრძელდეს”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button