ახალი ამბები

სააკაშვილი: სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული კონფლიქტი თავიდან ავიცილეთ

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 ივლისს, ლონდონში გამგზავრებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველომ თავიდან აიცილა შეიარაღებული კონფლიქტი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში.


“საქართველოს მთავრობის კოორდინირებული მუშაობის, საერთაშორისო მხარდაჭერისა და რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან მუდმივი კონტაქტების შედეგად, საქართველომ თავიდან აიცილა სისხლიანი კონფლიქტი, რომლის დაწყებაც სურდათ კოკოითს [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს] და მის მხარდამჭერებს რუსეთში“, განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს 12 ივლისს თბილისის აეროპორტში.


მისი თქმით, რეგიონის ქართული სოფლების უსაფრთხოება დაცულია.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს დაზვერვის სამსახურს და აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს “ზუსტი ინფორმაცია აქვს, თუ რა რაოდენობის იარაღი და რამდენი მებრძოლი იქნა გაგზავნილი რუსეთიდან სამხრეთ ოსეთში“.


“ამჟამად, ჯავის რაიონში იმყოფება190-მდე შეიარაღებული პირი, რომლებიც კრიმინალები არიან. ისინი რეგიონში ჩრდილოეთ ოსეთიდან შევიდნენ. თუმცა, ისინი ჩვენთვის რაიმე საფრთხეს არ წარმოადგენენ“, განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაცია საქართველოში “დროის ფაქტორია“. “მთავარია, რომ ჩვენ თავიდან ავიცილეთ შეიარაღებული კონფლიქტის განახლება“, დასძინა მან.


“ამჟამად, სეპარატისტები მხოლოდ ცხინვალს, ჯავას და კვაისს აკონტროლებენ. ამ რაიონების რეინტეგრაციაც მალე მოხდება“, განაცხადა სააკაშვილმა.         

მსგავსი/Related

Back to top button