ახალი ამბები

საქართველო პროტესტს გამოთქვამს რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო

11 ივლისის დილას სამხერდო ვერტმფრენმა, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის რუსულ-ქართული საზღვრის სექტორში რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოფრინდა, დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე და 45 კილომეტრიან სიღრმეში 6 წუთის მანძილზე დაჰყო საქართველოს ტერიტორიაზე.  ქართული სამსახურების მცდელობის მიუხედავად, ვერტმფრენი რადიო კონტაქტზე არ გამოვიდა.


“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს პროტესტს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის გამო და ამ ინციდენტს აფასებს, როგორც კიდევ ერთ პროვოკაციას მიმართულს ცხინვალის რეგიონში დაძაბულობის ესკალაციისაკენ”, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს 11 ივლისის განცხადებაში.


ამავდროულად რუსეთის ფედერაცია აგრძელებს როკის გვირაბის გავლით იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის უკანონოდ შემოტანას ცხინვალის რეგიონში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით ასეთ ფაქტს 10 ივლისსაც ჰქონდა ადგილი.


“საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს პროტესტს მსგავსი ფაქტების მიმართ და მოუწოდებს რუსულ მხარეს შეწყვიტოს სამხერდო ტექნიკისა და აღჭურვილობის საკუთარი ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა”, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც 12 ივლისს გავრცელდა.  

მსგავსი/Related

Back to top button