ახალი ამბები

ცხინვალის მოლაპარაკებების შედეგად ქართველ მძევალთა გათავისუფლება ვერ მოხერხდა

11 ივლისს ცხინვალში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითსა და რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩს ლევ მირონოვს შორის გამართული მოლაპარაკებების მიუხედავად, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული დაჯგუფების მიერ დაპატიმრებული სამი ქართველი კვლავ ციხეში რჩება. 


სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული 50-მდე ქართველი სამშვიდობო 8 ივლისს სამხრეთ ოსეთის მხარემ სოფელ ვანათში დააკავა. 9 ივლისს მათი უმეტესობა გაათავისუფლეს; თუმცა, სამი მათგანი, შენაერთის მეთაურის მიხეილ სურმავას ჩათვლით, კვლავ პატიმრობაში რჩება.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ 11 ივლისს განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის მხარე თანახმაა ქართველი სამშვიდობოები ქართული მხარის მიერ 7 ივლისს ჩამორთმეული რუსი სამშვიდობოების კუთვნილი იარაღის სანაცვლოდ გაათავისუფლოს.


“ისინი იარაღს ითხოვენ სამ ქართველში. მაგრამ ჩვენ არ გავცვლით ჩვენს ჯარისკაცებს იარაღში“, განუცხადა ხაინდრავამ ჟურნალისტებს.


ქართულმა მხარემ რუსი სამშვიდობოების კუთვნილი იარაღით, მათ შორის 300 უმართავი ჭურვით, დატვირთული ორი მანქანა 7 ივლისს დააკავა. მოსკოვი დაჟინებით აცხადებს, რომ ჭურვები კონფლიქტის ზონაში განლაგებულ რუს სამშვიდობოებს ეკუთვნოდათ და ქართულ მხარეს იარაღის დაბრუნებას სთხოვს. 


თუმცა, თბილისი აცხადებს, რომ იარაღი “არასანქცირებულია“ და უარს ამბობს მის კონფლიქტის რეგიონში დაბრუნებაზე. საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს მოსკოვს, იარაღის დაბრუნება რუსეთის ტერიტორიაზე მოხდეს. პრეზიდენტი სააკაშვილი ასევე მზად არის იარაღი ამიერკავკასიაში განლაგებულ რუსულ ჯარებს გადასცეს.    
  

მსგავსი/Related

Back to top button