ახალი ამბები

სააკაშვილი რუსეთის “გარკვეულ ძალებს“ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში ადანაშაულებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 ივლისს განაცხადა, რომ “გარკვეული ძალები რუსეთში ამზადებენ აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ.“


მან მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს “ლაგამი ამოსდოს ამ ძალებს“, რათა თავიდან იქნეს აცილებული შეიარაღებული დაპირისპირება თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში.


“დაძაბულობა კონფლიქტის ზონაში ეს არ არის ქართველებსა და ოსებს შორის პრობლემა, ეს არის ორ სახელმწიფოს – რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემა. მე კოკოითთან [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი] არაფერი მესაქმება. ჩვენ პირდაპირი კავშირი გვაქვს რუსეთის ხელისუფლებასთან“, განაცხადა სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტმა ეს განცხადება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ოსი ეროვნების მოქალაქეებთან შეხვედრისას გააკეთა.


რამოდენიმე ასეული ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქე 11 ივლისს თბილისში სახელმწიფო კანცელარიასთან შეიკრიბა პრეზიდნეტ სააკაშვილის პოლიტიკისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაგმო 10 ივლისს რუსეთის სათათბიროს მიერ მიღებული განცხადება, რომელშიც თბილისი ცხინვალის რეგიონში დაძაბულობის ესკალაციაში არის დადანაშაულებული.


“სამწუხაროდ ეს პროვოკაციული განცხადება,  კრემლთან დაახლოებული რუსი დეპუტატების მიერ იყო მომზადებული“, დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button