
რუსეთის სათათბირომ “სამხრეთ ოსეთთან” დაკავშირებით სპეციალური განცხადება მიიღო
დღეს, რუს ეთის სათათბირომ საგანგებო სხდომაზე “ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების გამო და რუსეთის მოქალაქეების კანონიერი უფლებების დაცვის საშუალებების შესახებ, რომლებიც ცხოვრობენ, ან ამჟამად იმყოფებიან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე” სპეციალური განცხადება დიდი უმრავლესობით 398 ხმით დაამტკიცა.
განცხადებაში, როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” იტყობინება, მწვავედ არის გაკრიტიკებული საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, რომელიც “სამხრეთ ოსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისაკენ არის მიმართული”.
“ოსეთი 1774 წელს ერთიანი სახით და არა როგორც ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, ნებაყოფლობით შევიდა რუსეთის შემადგენლობაში”, ნათქვამია დოკუმენტში.
განცხადებაში საუბარია, რომ “გაღიზიანებას იწვევს საქართველოს ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთ მაღალჩინოსანთა მცდელობა, გაამართლოს ქართველი ძალოვანების პროვოკაციული ქმედებები მიმართული რუსი მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ”.
რუსეთის სათათბირო მიიჩნევს, რომ 1992 წელს მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების დარღვევა სიტუაციას სამართლებრივ საფუძველს გამოაცლის და მოუწოდებს მხარეებს განაახლონ მოლაპარაკებები ოთხმხრივი შერეული კომისიის ფარგლებში.
განცხადებაში გაკრიტიკებულია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 10 ივლისს მიღებული რეზოლუცია, “რომელიც მხოლოდ ქართული მხარის ინფორმაციაზე დაყრდნობით იქნა მიღებული”.
მოვლენათა განვითარების მიხედვით რუსეთის სათათბირო განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს და თუ საჭირო გახდა დეპუტატები ადგილზე გაეცნობიან შექმნილ ვითარებას. “ჩვენ სამხედრო ძალის გამოყენებას წინ აღვუდგებით და დავიცავთ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების კანონიერ ინტერესებს”, ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პორვოკაციულს უწოდებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ ე. წ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენების შესაფასებლად დღეს მიღებულ სპეციალურ განცხადებას.
“ამ განცხადებაში კარგად იგრძნობა რუსეთის დუმის ტონი, ასევე ის სულისკვეთება, რომელიც კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების ზოგიერთ მოქმედებებში გამოიხატება. ამ პროვოკაციულ ქმედებებში ასევე ჩართული არიან ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო სტრუქტურები“, განცხადა 10 ივლისს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა.