
ეუთო ცხინვალის რეგიონში ქართველ სამშვიდობოთა დაკავების ფაქტს გმობს
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და ამავდროულად ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოლომონ პასიმ შეშფოთება გამოხატა 8 ივლისს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენების გამო და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას დაკავებულთა დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
“მე ვგმობ კონფლიქტის ზონაში სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ჯგუფების მიერ ქართველ მოქალაქეთა დაკავების ფაქტს“, ნათქვამია სოლომონ პასის მიერ 8 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
“მიმაჩნია, რომ ეს უკიდურესად სახიფათო ნაბიჯია და მოვუწოდებ სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] ხელისუფლებას დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები“, დასძინა მან.
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაცია და ეუთოს როლი კრიზისის მოგვარების საქმეში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან 8 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრისას განიხილა.
სოლომონ პასიმ მოუწოდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისგან, რომელიც ხელს შეუწყოს სიტუაციის შემდგომ დესტაბილიზაციას და აღნიშნა, რომ კონფლიქტის ზონაში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა არასახარბიელი შედეგი იქონიოს რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეუთო მზად არის დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტის ზონაში არსებული დაძაბულობის შემცირების საქმეში.