
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა თავის რუს კოლეგესთან ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილა
საქართველოს უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი ტელეფონით თავის რუსს კოლეგას იგორ ივანოვს ესაუბრა. მხარეებმა ე.წ სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარება განიხილეს.
“ქართული მხარე ზედმიწევნით იცავს ყველა იმ შეთანხმებას, რომელსაც მოსკოვში პრეზიდენტებმა სააკაშვილმა და პუტინმა მიაღწიეს და რა კონტექსტშიც არ ჯდება ოსური მხარის მიერ წამოწყებული ცალმხრივი პროვოკაცია, გარწმუნებთ, რომ ამ პროვოკაციას არ წამოვეგებით და სიტუაციის სტაბილურ ჩარჩოებში დაბრუნების უნარი შეგვწევს“ , განაცხადა 8 ივლისს გელა ბეჟუაშვილმა.
მისი თქმით, ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას არანაირი საშიშროება არ ემუქრება და საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს ვითარებას.
ქართული მხარე არ გამორიცხავს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობო ძალების გაყვანის საკითხის დაყენებას, რომელთა უმოქმედობამ რეგიონში ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა.