ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრი: სამხრეთ ოსეთში ქართველი სამშვიდობოები დააკავეს

სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ 8 ივლისს განაცხადა, რომ გვიან ღამით სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 50-მდე ქართველი სამშვიდობო სამხრეთ ოსეთის მხარის წარმომადგენლებმა განაიარაღეს, რის შემდეგაც ისინი დააკავეს.


“ისინი ცხინვალში წაიყვანეს. ჩვენ დაკავებულ ქართველ სამშვიდობოებს კოკოითის [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი] რეჟიმის მიერ აყვანილ მძევლებად მივიჩნევთ“, განუცხადა გოგა ხაინდრავამ “რუსთავი 2“-ს 8 ივლისს.


არსებული ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ჯგუფებმა რამოდენიმე ქართული სოფელი დაიკავეს.


“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, [ქართველებით დასახლებულ] სოფელ ვანათში სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ჯგუფები ჩხრეკვის ოპერაციებს ატარებენ, რათა იქ იარაღი აღმოაჩინონ“, განაცხადა ხაინდრავამ.


სახელმწიფო მინისტრის თქმით, სიტუაცია სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შემაშფოთებელია, “თუმცა ჩვენ შეგვიძლია ამ პრობლემის მოგვარება“.


“ეს პროვოკაციაა და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სიტუაციის გამწვავება თავიდან აიცილოს“, დასძინა მან.


რუსულმა მხარემ უკვე უარყო რაიმე კავშირი ინციდენტთან. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ვიაჩესლავ სედოვმა 8 ივლისს რუსულ საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” განუცხადა, რომ რუს სამშვიდობოებს სოფელ ვანათში მომხდარ ინციდენტთან რაიმე კავშირი არ აქვთ.   

მსგავსი/Related

Back to top button