ახალი ამბები

რუსული მხარე ჩამორთმეული იარაღის დაბრუნებას მოითხოვს

რუსეთის ელჩმა საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა დღეს განაცხადა, რომ მოსკოვი ქართული მხარისგან 7 ივლისს ცხინვალის რეგიონში ჩამორთმეული იარაღის დაბრუნებას მოითხოვს.


“ეს პროვოკაცია იყო და ქართულმა მხარემ იარაღი უნდა დააბრუნოს“, განუცხადა ჩხიკვიშვილმა ჟურნალისტებს.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელმაც ასევე დაგმო მომხდარი, მოსკოვში 7 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში იარაღის შეტანა შერეული საკონტროლო კომისიის 2 ივნისის სხდომაზე იყო შეთანხმებული.


თუმცა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ, რომელიც შერეულ საკონტროლო  კომისიაში ქართულ მხარეს წარმოადგენს, განაცხადა, რომ იარაღის შეტანა კონფლიქტის ზონაში ქართულ მხარესთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული, რაც არ მომხდარა. ამგვარად, ჩამორთმეული იარაღი “არასანქცირებულია“.


გარდა ამისა, 2 ივნისს შერეული კომისიის სხდომის პროტოკოლში არის ჩანაწერი, რომ “სამშვიდობო კონტიგენტის აღჭურვილობა შეივსოს  ვერტმფრენები”, თუმცა არ არის მითითებული თუ როდის და რა რაოდენობით. ხაინდრავას მტკიცებით, აღნიშნულ პროტოკოლში მხოლოდ ვერტმფრენებზეა საუბარი და არა იმ შეიარაღებაზე, რომელიც 7 ივლისს ქართულმა მხარემ კონფლიქტის ზონაში დააკავა.

Back to top button