
ზურაბ ჟვანია: კოკოითს შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება სურს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მხრიდან შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირებად აფასებს და აცხადებს, რომ ქართული მხარე არ დაუშვებს ვითარების გამწვავებას, როგორც ეს 1991 წელს მოხდა.
“მას [კოკოითს] დაკარგული აქვს მოთმინება, იმის გამო, რომ წერტილი დაესვა წლების განმავლობაში არსებულ მის კრიმინალურ ბიზნესს, კონტრაბანდას, ტრეფიკინგს. დღეს კოკოითი ცდილობს მოახდინოს შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება. ჩვენ [ქართული მხარე] არაფრის დიდებით არ დავუშვებთ ქართულ და ოსური მხარეებს შორის კონფლიქტს“, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ზურაბ ჟვანიამ.
მისი თქმით, დღესვე გადაწყდება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამშვიდობოები დატოვებენ თუ არა კონფლიქტის ზონას. “მკაფიო ინსტრუქციები აქვთ მიღებული რუს სამშვიდობოებს რუსეთის მხრიდან. ველოდებით მოვლენათა განვითარებას. ამ საათებში გადაწყდება რამდენად ქმედითუნარიანია რუსი სამშვიდობოები სამხრეთ ოსეთში. ეს არის უპრეცედენტო სიტუაცია. მათ [რუსმა სამშვიდობოებმა] ვითარების ნებისმიერი გზით განვითარების შემთხვევაში საკუთარის მანდატის ადექვატურად უნდა იმოქმედონ. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსი სამშვიდობოების ყოფნა კონფლიქტის ზონაში დაკარგავს ყოველგვარ აზრს“, აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
იგი ოსური მხარისგან დაუყოვნებლივ, მოითხოვს დღეს გამთენიისას მძევლად აყვანილი 50-მდე ქართველი სამშვიდობოების უპირობოდ, ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე განთავისუფლებას.