
იარაღის დაკავება ცხინვალის რეგიონში დაძაბულობას ამწვავებს, ხოლო საქართველოს მთავრობაში დაპირისპირებას იწვევს
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველოს შინაგანმა ჯარმა რუსი სამშვიდობოების იარაღით, ტყვია-წამლითა და სამხედრო ფორმებით დატვირთული მანქანები დააკავა. რუსულმა მხარემ მომხდარს უკვე უწოდა “პროვოკაცია“.
ინციდენტმა საქართველოს მთავრობაში გარკვეული უთანხმოება გამოიწვია, რადგანაც საქართველოს უშიშროების სამინისტროს, რომელიც ამ საქმეს იძიებს, მთავრობის რამოდენიმე წევრის დაკითხვა აქვს გეგმაში.
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებულმა ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა 7 ივლისს გვიან ღამით რუსი სამშვიდობოების კუთვნილი იარაღით, ტყვია-წამლითა და სამხედრო ფორმებით დატვირთული ცხრა სატვირთო მანქანა დააკავეს. ქართული მხარის განცხადებით, ავტოკოლონა რუსეთიდან ცხინვალისკენ მიემართებოდა.
“ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს სამხედრო ფორმებთან დაკავშირებით და მათ დავუბრუნებთ სამშვიდობოებს, თუმცა იარაღის კონფისკაციას აუცილებლად განვახორციელებთ“, განაცხადა უშიშროების მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც კონფლიქტის ზონაში იმყოფება.
საბოლოოდ, იარაღით დატვირთული მხოლოდ ორი მანქანა ჩამოიყვანეს თბილისში; დანარჩენი მანქანები, რომლებიც სამხედრო ფორმებით იყო დატვირთული, რუს სამშვიდობოებს დაუბრუნეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 7 ივლისს განაცხადა, რომ შერეული სამშვიდობო კომისიის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებებს შორის რუსი სამშვიდობოების სამხედრო აღჭურვილობით მომარაგების საკითხიც იყო შეთანხმებული. შერეული საკონტროლო კომისია, რომელიც ქართულ, სამხრეთ ოსეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის მხარეებს აერთიანებს, მთავარი ორგანოა, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარების მიზნებს ემსახურება.
“ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული მხარე შეთანხმებას არღვევს“, განუცხადა სერგეი ლავროვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასს“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იარაღი და აღჭურვილობა კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების საავიაციო კომენდატურისთვის იყო განკუთვნილი. რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურის სვიატოსლავ ნაბდზოროვის თქმით, ამ საავიაციო კომენდატურის შექმნის საკითხი რუსეთსა და საქართველოს შორის 2 ივნისს ცხინვალში მიღწეული შეთანხმებით გადაწყდა.
შეთანხმების არსებობის თაობაზე გაკეთებული ინფორმაციის კვალდაკვალ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობის რამდენიმე წევრი დაიკითხებოდა, რადგანაც მათ სავარაუდოდ იცოდნენ იარაღის შეტანის თაობაზე.
“იმ პირებს, რომლებიც მონაწილეობენ შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობაში, მოუწევთ გამომძიებელთა კითხვებზე პასუხის გაცემა“, აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა, თუმცა კონკრეტული პირების დასახელებისგან მან თავი შეიკავა.
ეჭვგარეშეა, რომ ოქრუაშვილის განცხადება პირდაპირ ეხებოდა გოგა ხაინდრავას, საქართველოს სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. იგი ქართულ მხარეს წარმოადგენს შერეულ საკონტროლო კომისიაში.
გოგა ხაინდრავამ უკვე უარყო ინფორმაცია, თითქოს მან იცოდა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსული შეიარაღების შეტანის თაობაზე და აღნიშნა, რომ შეთანხმება სამხრეთ ოსეთში რუსეთის საავიაციო კომენდატურის შექმნის თაობაზე 1996 წელს იქნა მიღწეული.
“შინაგან საქმეთა მინისტრი, მსგავსი განცხადებების გაკეთებამდე, ფაქტებს უნდა გაეცნოს. შერეულმა საკონტროლო კომისიამ შეთანხმებას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსული ვეტმფრენების განთავსების თაობაზე 1996 წელს მიაღწია“, განუცხადა გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებს 7 ივლისს, მთავრობის სხდომის შემდეგ.
მისივე თქმით, რეგიონში იარაღის გადაადგილება წინასწარ შეთანხმებული უნდა იყოს ქართულ მხარესთან, რაც რუსეთს არ გაუკეთებია.
ირაკლი ოქრუაშვილმა ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ რუსული მხარე ვეტმფრენების გამოგზავნასაც გეგმავდა, თუმცა ქართული პოლიციის მიერ იარაღის დაკავების შემდეგ ამ გეგმაზე უარის თქმა მოუწია. არსებული ინფორმაციით, 7 ივლისს სხვა ტიპის იარაღთან ერთად რამოდენიმე ასეული უმართავი ჭურვი იქნა ამოღებული რუსული სატვირთო მანქანებიდან.