ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში იარაღის დაკავებამ შესაძლოა მინისტრთა კაბინეტში განხეთქილება გამოიწვიოს

საქართველოს უშიშროების სამინისტრომ 7 ივლისს ქართული შინაგანი ჯარის მიერ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დიდი რაოდენობის იარაღის დაკავების საქმის გამოძიება დაიწყო.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 7 ივლისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მთავრობის რამდენიმე წევრი დაიკითხება.


“იმ პირებს, რომლებიც მონაწილეობენ შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობაში, მოუწევთ გამომძიებელთა კითხვებზე პასუხის გაცემა“, აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა, თუმცა კონკრეტული პირების დასახელებისგან თავი შეიკავა.


ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა 7 ივლისს გვიან ღამით რუსი სამშვიდობოების კუთვნილი იარაღით, ტყვია-წამლითა და სამხედრო ფორმებით დატვირთული ცხრა სატვირთო მანქანა დააკავეს. სხვა იარაღთან ერთად ამოღებული იქნა უმართავი რეაქტიული ჭურვები.  


რუსული მხარის განცხადებით, რომელმაც უკვე დაგმო მომხდარი, იარაღი და აღჭურვილობა კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების საავიაციო კომენდატურისთვის იყო განკუთვნილი.


რუსული მხარე ასევე აცხადებს, რომ საავიაციო კომენდატურის შექმნის საკითხი რუსეთსა და საქართველოს შორის 2 ივნისს ცხინვალში მიღწეულ შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული.


თუ ინფორმაცია ამ შეთანხმების თაობაზე დადასტურდება, საქართველოს სახალმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა დაიკითხება ამ საქმესთან დაკავშირებით. შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში ხაინდრავა ქართულ მხარეს წარმოადგენს მოლაპარაკებებში .


ირაკლი ოქრუაშვილმა ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ  რუსული მხარე ვეტმფრენების გამოგზავნასაც გეგმავდა, თუმცა ქართული მხარის მიერ იარაღის დაკავების შემდეგ ამ გეგმაზე უარი თქმა მოუწია.  


 


 

Back to top button