
რუსეთი გმობს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში იარაღის დაკავების ფაქტს
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 7 ივლისს შეშფოთება გამოხატა რუსეთის სატვირთო მანქანების სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაკავების გამო.
ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა 7 ივლისს გვიან ღამით რუსი სამშვიდობოების კუთვნილი იარაღით, ტყვია-წამლითა და სამხედრო ფორმებით დატვირთული ცხრა სატვირთო მანქანა დააკავეს. ქართული მხარის განცხადებით, ავტოკოლონა რუსეთიდან ცხინვალისკენ მიემართებოდა.
“შერეული სამშვიდობო კომისიის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებებს შორის რუსი სამშვიდობოების სამხედრო აღჭურვილობით მომარაგების საკითხიც იყო შეთანხმებული“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
“ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული მხარე შეთანხმებას არღვევს“, დასძინა მან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე დაგმო ავტომანქანების დაკავების ფაქტი. “ქართული მხარის ეს ნაბიჯი სხვა არაფერია, თუ არა პროვოკაცია“, განუცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ვიაჩესლავ სედოვმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასს“.
თუმცა, ქართული მხარის განცხადებით, უმართავი რეაქტიული ჭურვები, რომლებიც სხვა იარაღთან ერთად იქნა ამოღებული, არ შეიძლება სამშვიდობო მიზნებისთვის იყოს გათვლილი, როგორც ამას რუსული მხარე აცხადებს.
“ჩვენ არანაირი პრობლემა აქ გვაქვს სამხედრო ფორმებთან დაკავშირებით და მათ დავუბრუნებთ სამშვიდობოებს, თუმცა იარაღის კონფისკაციას მოვახდენთ“, განაცხადა უშიშროების მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ასევე იმყოფება კონფლიქტის ზონაში.
ივნისში იარაღით დატვირთული 160-170 მანქანა სამხრეთ ოსეთში როკის გვირაბის გავლით შევიდა. ეს ინფორმაცია მაშინ ქართულმა მხარემ გაავრცელა.
თბილისმა ცოტა ხნის წინ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობაში იარაღის დარიგებაშიც დაადანაშაულა.