
ევროკავშირის კომისარი საქართველოში ვიზიტით კმაყოფილი დარჩა
თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში იანოშ პოტოჩნიკი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრით კამყოფილია და აცხადებს, რომ მისი ვიზიტი გაცნობით ხასიათს ატარებს.
იანოშ პოტოჩნიკის ვიზიტი ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ 14 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ დაიგეგმა, რომლის მიხედვითაც სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი “ევროპის სამეზობლო ინიციატივის“ წევრად აღიარეს.
“ეს გადაწყვეტილება მეტყველებს ევროკავშირის მზადყოფნაზე მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესს. ამ ქვეყნებში მთავარია რეფორმების გატარება“, განაცხადა იანოშ პოტოჩნიკმა 6 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, წლის ბოლოს ევროკავშირის მიერ მომზადდება სპეციალური ანგარიში სამივე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, შესახებ, რომლის შემდეგ დაიწყება “ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ ფარგლებში სამოქმედო გეგმის შემუშავება. ევროკავშირი თავად გაუწევს თითოეულ ქვეყანას რეკომენდაციებს.
ვიზიტის ფარგლებში განხილული იყო ასევე იმ დახმარებების საკითხები, რომლის საქართველოსთვის გამოყოფაც დონორი ქვეყნების კონფერენციაზე გადაწყდა. კერძოდ, საუბარია 850 მლნ ევროზე და ასევე უშუალოდ ევროკავშირის დახმარებაზე, რაც ორჯერ აღემატება გასულ 2001 -2003 წლებში გამოყოფილ თანხებს.
იანოშ პოტოჩნიკის განცხადებით, ევროკავშირის დახმარება 2004-2006 წლების განმავლობაში 137 მლნ დოლარს შეადგენს და ეს თანხა მოხმარდება სხვადასხვა სფეროებში რეფორმების გატარებას.
საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრების დროს საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში არსებულ კონფლიქტების [ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური] მოგვარების საკითხს.
“მნიშვნელოვანია, რომ ქვეყენა ცხოვრების ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდეს“ , დასძინა იანოშ პოტოჩნიკმა.