
ჰეიკი ტალვიტიე: საჭიროა ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენა
ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჰეიკი ტალვიტიე 5 ივლისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს და საგანგებო დავალებათა მინისტრს ბორის ჩოჩიევს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ის პროექტები, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს ე.წ სამხრეთ ოსეთში – რკინიგზის აღდგენა და დევნილების დაბრუნება.
“მე მაინტერესებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი და ასევე ის, რომ არ დაირღვეს ოსი ერის უფლებები, რაც გარკვეულ შიშს იწვევს მათი [ოსების] მხრიდან. ჩემი აზრით, უნდა მოხდეს ქართული და ოსური ინტერესების შეჯერება და ნდობის აღდგენა – ეს უმთავრესია”, განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან“ საუბრისას ჰეიკი ტალვიტიემ.
იგი დადებითად აფასებს ქართული მხარის ჰუმანიტარულ ინიციატივებს. “სამწუხაროდ, ოსური მხარე ქართველების ამ ინიციატივას ეჭვით უყურებს, საჭიროა ამ განწყობის შეცვლა; კარგი იქნება, თუ ეს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება“, დასძინა ჰეიკი ტალვიტიემ.
მისი თქმით, ყველაფერ ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ჰეიკი ტალვიტიე ცხინვალის რეგიონს უკვე მეორედ ეწვია.