ახალი ამბები

ქართულმა მხარემ ერგნეთთან “პუტინის საჩუქარით” დატვირთული რუსული კოლონა დააკავა

ქართველმა სამშვიდობოებმა დღეს ერგნეთის გამშვებ პუნქტთან რუსეთიდან მომავალი რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი დააკავეს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ოსი ეროვნების მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი.
 
ფქვილითა და სხვა სურსათით სავსე სატვირთო მანქანებს  რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალი გენერალი სვიატოსლავ ნაბდზოროვი აცილებდა. დაკავების დროს მან პრეტენზია გამოთქვა და განაცხადა, რომ ტვირთის გაჩერება “ქართული მხარის მხრიდან უკანონოდ მოხდა”.
 
“სატვირთო მანქანების დაკავება მხოლოდ ერთი მიზეზით მოხდა, ტვირთი არ განბაჟებულა ქართული კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად“,  განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან“ საუბრისას შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულმა მიხეილ ქარელმა.
 
მისი თქმით, ტვირთი როკის გვირაბის გავლით შემოვიდა, ამ ტერიტორიას კი ქართული მხარე ვერ აკონტროლებს. სურსათი ერგნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა დარიგებოდა მოსახლეობას.
 
ტვირთის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი ლონდონში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა და განაცხადა, რომ სავალდებულოა ყველა სახის ტვირთმა გაიაროს საბაჟო პროცედურები.
 
“რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადის კავკასიონზე და არა გორში, ცხინვალში ან ხაშურში, ეს ყველამ უნდა იცოდეს; რაც შეეხება დახმარებას ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა თავად გავუწიოთ დახმარება ცხინვალში მცხოვრებ თანამოქალაქეებს“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
ბოლო ორი დღეა ცხინვალის რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის საჩუქარი-ფქვილი და ზეთი ურიგდება მოსახლეობას. თავდაპირველად ამ აქციას წინააღმდეგობა ოსურმა მხარემ გაუწია, თუმცა მოლაპარაკებების შემდეგ პრეზიდენტის საჩუქრის ადრესატამდე მიტანა მაინც მოხერხდა.   

მსგავსი/Related

Back to top button