
მიხეილ სააკაშვილი მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სახელმწიფო კანცელარიაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა შესთავაზა. მაგრამ ამავე დროს სააკაშვილის თქმით, “ხელისუფლებისთვის უფრო ეფექტური იქნება, თუ დაიწყება დებატები კონკრეტულ საკითხებზე”.
პრეზიდენტის განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა განიცადონ ტრანსფორმაცია ახალ რეალობებთან ადაპტაციის მიზნით. ასევე, მესამე სექტორმა მთლიანად უნდა მოიცვას საქართველო და ყველა მათ მიერ აუთვისებელი რეგიონი დაფაროს.
“არასამთვარობო სექტორმა, რომელთანაც მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, უნდა მოახდინოს საკუთარი ინტერესის სფეროების გადახედვა და ახალი იმპულსით უნდა განაგრძოს მოქმედება”, განაცხადა პრეზიდენტმა შეხვედრაზე.
მისი თქმით, “ათასწლეულის გამოწვევის” პროგრამის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც მთლიანად ქვეყანა, ახალი პერსპექტივების წინაშე დგება. “ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ”, დასძინა პრეზიდენტმა.