
ოპოზიცია ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის ინიციატივას აკრიტიკებს
”მემარჯვენე ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა 5 ივლისს გააკრიტიკეს საქართველოს მთავრობის ინიციატივა ერთობლივი რუსულ-ქართული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის შესახებ.
“ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა საქართველოში რუსეთის სამხედრო შენაერთების არსებობის ლეგალიზებას მოახდენს, რაც შეაფერხებს საქართველოს შესვლას ნატოში“, განაცხადა “მემარჯვენე ოპოზიციის“ ლიდერმა, დეპუტატმა დავით გამყრელიძემ 5 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.
თბილისმა ცოტა ხნის წინ მოსკოვს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა შესთავაზა საქართველოდან რუსეთის ორი სამხედრო ბაზის გაყვანის სანაცვლოდ. ეს საკითხი 3 ივლისს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმაც განიხილეს მოსკოვში შეხვედრის დროს.
დავით გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულების მომზადება უფრო გამჭირვალედ უნდა წარიმართოს.