
საქართველო პორტებისა და აეროპორტების გასხვისებისთვის ემზადება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 5 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობა პროცედურულ საკითხებზე მუშაობს, რათა აეროპორტებში და ბათუმისა და ფოთის პორტებში პრივატიზაციის პროცესი დაიწყოს.
“ამ ობიექტების პრივატიზაცია საკმაოდ რთული პროცესია. ვალები ხელოვნურადაა დაგროვილი. ასევე საჭიროა იურიდიული საკითხების მოგვარება მათი პრივატიზაციისთვის“, აღნიშნა ზურაბ ჟვანიამ.
“მას შემდეგ რაც ეს ღონისძიებები განხორციელდება, ჩვენ შეგვეძლება გზა გავუკვალოთ ინვესტორებს, ისე რომ მათ არ შეექმნათ პრობლემები [პორტების და აეროპორტების] შესყიდვის შემდეგ“, დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს კანონი პრივატიზაციის შესახებ კრძალავს მთელი რიგი სახელმწიფო ობიექტების, მათ შორის პორტების, გასხვისებასაც. ამგვარად, არსებული კანონმდებლობის თანახმად, მთავრობა ვერ შეძლებს პრივატიზაციის თაობაზე დეკლარირებული ღონისძიებების განხორციელებას.