
ასლან აბაშიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება
საქართველოს გენერალური პროკურატურა აჭარის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს.
“‘გამოძიებას ყველა საფუძველი აქვს იმისათვის, რომ ასლან აბაშიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. საქმე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სახელმწიფო ქონების მითვისების მუხლით აღიძვრება“, განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი ჯანაშიამ 5 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მან თავი შეიკავა დეტალებზე საუბრისგან, თუმცა აღნიშნა, რომ ექსპერტთა ჯგუფი აბაშიძის ქონების კანონიერებასაც შეისწავლის.
“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” შესული ერთ-ერთი ბოლო ცვლილების მიხედვით, სასამართლოს განაჩენის გამოტანა ბრალდებულის დაუსწრებლადაც შეუძლია.
აბაშიძემ აჭარა 6 მაისს დატოვა და რუსეთში გაემგზავრა, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებისგან ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღო.
თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, აბაშიძისა და მისი ოჯახის ხელშეუხებლობის გარანტიები მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე ვრცელდება.