ახალი ამბები

ევროპის საბჭოს მონიტორინგის დელეგაცია თბილისს ეწვია

დღეს, თბილისში სამუშაო ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის დელეგაციის წარმომადგენლები მათიას იორში და ევგენი კირილოვი ჩამოვიდნენ.
 
დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საპარლამენტო ფრაქციებსა და კომიტეტებში, პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან სალომე ზურაბიშვილთან და ძალოვანი სამინისტროების ხელმძღვანელებთან, ასევე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.  პოსტრევოლუციური სიტუაციის შესწავლის მიზნით დელეგაცია 7 ივლისს ბათუმშიც გეგმავს გამგზავრებას.


ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებათა შესრულების ახალი ვადების დაწესება და ზოგადად, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესწავლაა.
 
“ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად უნდა განვსაზღვროთ ვალდებულებათა შესრულების ახალი გრაფიკი. ბუნებრივია, რომ ყოფილი ხელისუფლების მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე პასუხს ახალ მთავრობას ვერ მოვთხოვთ”, განაცხადა თბილისში მყოფმა მათიას იორშმა.
 
დღესდღეობით საქართველოს ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრი 33-მდე ვალდებულება დარჩა შესასრულებელი, თუმცა 2004 წლის იანვარში თავად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება ვალდებულებათა დროებით შეჩერების თაობაზე.


არ არის გამორიცხული, რომ მონიტორინგის ჯგუფის ამ ვიზიტის შედეგად ზოგიერთი ვალდებულება საერთოდ მოიხსნას დღის წესრიგიდან.


მათიას იორში და ევგენი კირილოვი მიმდინარე ვიზიტის შედეგებს ოქტომბერში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ოფიციალურად შეაჯამებენ. მანამდე კი სექტემბერში კიდევ ერთი გაფართოვებული დელეგაციის ვიზიტი იგეგმება საქართველოში ევროპის საბჭოდან, რომელიც ასევე ვალდებულებების შესრულების საკითხებით დაინტერესდება.

Back to top button