
მიხეილ სააკაშვილი: ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის ფართო ავტონომიური სტატუსის მინიჭებას არ გამოვრიცხავთ
საქართველოს პრეზიდენტი მზად არის სამხრეთ ოსეთის რეგიონს მიანიჭოს ავტონომიური რესპუბლიკის ფართო სტატუსი. ამის შესახებ დღეს სააკაშვილმა მოსკოვში სააგენტო “იტარ-ტასის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენ მზად ვართ მივანიჭოთ უფრო ფართო სტატუსი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ვიდრე ეს აქვს რუსეთის ფედერაციის შემადგენელ სუბიექტს – ჩრდილოეთ ოსეთს“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ქართული მხარე არ აპირებს ძალის გამოყენებას რეგიონში და მზად არის მოლაპარაკებებისთვის.
“ჩვენ რომ ოსურ მხარესთან დაპირისპირება გვდომოდა, მაშინ აღარ იქნებოდა მოლაპარაკებები და ჩვენი მხრიდან გარანტიების მიცემა. ვაღიარებ, რომ საქართველოს გააჩნია სათანადო სამხედრო ძალა, თუმცა მის გამოყენებას არ აპირებს და არ დაუშვებს, რომ მოხდეს იარაღის გამოყენება მშვიდობიან მოსახლეობაზე. ამასთანავე, ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ ქართული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს“, განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი ყველა იმ დევნილს, რომელიც 1991-92 წლებში, კონფლიქტის პერიოდში დატოვა საცხოვრებელი სახლები, სთავაზობს უსაფრთხო დაბრუნებას საკუთარ სახლებში და ასევე კომპენსაციების გაცემას.
„ჩვენ კონფლიქტის მოგავრებას მშვიდობიანი გზით ვაპირებთ“, დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.