
საქართველო ერთობლივ საკონტროლო კომისიაში რუსეთის წარმომადგენელს უნდობლობას უცხადებს
ქართული მხარე ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეულ საკონტროლო კომისიაში რუსეთის წარმომადგენელს, მიხეილ მაიოროვს უნდობლობას უცხადებს. ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
“მიხეილ მაიოროვმა თუ არ იცის რომელი ქვეყნებს აკავშირებს როკის გვირაბი, მაშინ ის ვერ იქნება პირი, რომელთანაც ქართული მხარე აწარმოებს მოლაპარაკებას“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მიხეილ მაიოროვს უნდობლობა დღეს მოსკოვში ერთობლივი საკონტროლო კომისიის სხდომის ჩაშლის შემდეგ გამოუცხადეს, როდესაც სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ მიხეილ მაიოროვისგან მოითხოვა კონკრეტული პასუხი, თუ რომელ ორ ქვეყანას აკავშირებს როკის გვირაბი და ვინ აკონტროლებს ამ ტერიტორიას, რაზეც პასუხი ვერ მიიღო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინიტროს წარმომადგენლისაგან.
“ამჟამად რეგიონში [ცხინვალის რეგიონი[ დაძაბული ვითარებაა და დაუფიქრებელმა განცხადებებმა შესაძლოა სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმოს“, განაცხადა თავის მხრივ მიხეილ მაიოროვმა.
დღეს მოსკოვში დაგეგმილი შერეული საკონტროლო კომისიის შეხვედრა ჩაიშალა.