
მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს დელეგაცია საქართველოს პატრიარქს შეხვდა
თბილისში 27-29 ივნისს გამართული ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს წარმომადგენლები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და წმინდა სინოდის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დელეგაციის წევრებმა ქართულ ეკლესიასთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
“შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი განვაახლოთ დიალოგი და თანამშრომლობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან იმ სხვაობის გათვალისწინებით, რაც არსებობს ქართულ ეკლესიასა და მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს შორის“, განაცხადა მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს წარმომადგენელმა ჯორჯო ლემოპოლუსმა.
მხარეებმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა ქართული ეკლესიის მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში შესვლის თაობაზე. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია საბჭოს 1997 წელს გამოეყო. 1998 წელს შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც რამოდენიმე მართლმადიდებლური ქვეყნის საბჭოდან გამოსვლის მიზეზები შეისწავლა.