ახალი ამბები

ქართული მხარის პროტესტის გამო მოსკოვში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა ჩაიშალა

მოსკოვში მეორედ ჩაიშალა ერთობლივი საკონტროლო კომისიის სხდომა, რომელსაც ქართულ-ოსური კონფლიქტის საკითხებზე და ცხინვალის რეგიონში ამჟამად არსებულ ვითარებაზე უნდა ემსჯელა. ამჯერად, კომისიის სხდომის ჩაშლის მიზეზი ქართული მხარე იყო.
 
“სანამ ოსური მხარე უპირობოდ არ გაათავისუფლებს საქართველოს უშიშროების სამინისტროს სამ წარმომადგენელს, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ ამ შეხვედრაში“, განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ.
 
მან ჟურნალისტების წინაშე რუსული მხარისგან დაჟინებით მოითხოვა კონკრეტული პასუხი, თუ რომელ ორ ქვეყანას აკავშირებს როკის გვირაბი და ვინ აკონტროლებს ამ ტერიტორიას, თუმცა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინიტროს წარმომადგენლისაგან მიხეილ მაიოროვისგან, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ოთხმრივ შეხვედრებში, მან პასუხი ვერ მიიღო. 


“ამჟამად რეგიონში [ცხინვალის რეგიონი] დაძაბული ვითარებაა და დაუფიქრებელმა განცხადებებმა შესაძლოა სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავოს“, განაცხადა თავის მხრივ მიხეილ მაიოროვმა.
 
გოგა ხაინდრავას განცხადებით, ქართული მხარე კვლავაც მოითხოვს როკის გვირაბზე ერთობლივი კონტროლის დაწესებას, რათა მოხდეს კონტრაბანდული ტვირთების შემოდინების აღკვეთა.
 
სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, საკონტროლო კომისიის შემდგომი სხდომა უკვე თბილისში გაიმართება. ბოლო ორი სხდომა ოსური მხარის მოთხოვნით ცხინვალის რეგიონში შედგა, თუმცა მესამე შეხვედრამდე, რომელიც მოსკოვში 30 ივნისს უნდა გამართულიყო და ქართული მხარის პროტესტის გამო ჩაიშალა, კომისიის სხდომის გამართვის რამოდენიმე მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.  


რაც შეეხება  სამი ქართველი პირის დაკავებას, ისინი ოსურმა მხარემ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე სამი დღის წინ დააკავა. უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლებს ბრალად სადაზვერვო საქმიანობა წაუყენეს.

Back to top button