ახალი ამბები

რუსეთი ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს

30 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა “სამხრეთ-ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით“.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო კონფლიქტის ზონაში “არასანქცირებული“ პოლიციის საგუშაგოების გახსნის ფაქტი და შეშფოთება გამოთქვა ქართული მხარის მიერ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაზე “ეკონომიკური ბლოკადის“ დაწესებასთან დაკავშირებით.


მოსკოვმა ასევე უარყო ინფორმაცია, თითქოს რუსეთი დათანხმდა როკის გვირაბთან ერთობლივი პოლიციური საგუშაგოს გახსნაზე, რაც ხელს შეუწყობდა კონტრაბანდული ტვირთების ტრანსპორტირების აღკვეთას.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამგვარი საკითხები ერთობლივი შერეული კომისიის ფარგლებში უნდა გადაწყდეს.


საქართველომ როკის გვირაბთან ერთობლივი პოლიციის საგუშაგოს გახსნა რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველის მოადგილის ვალერი ლოშჩინინის საქართველოში 24-25 ივნისის ვიზიტის დროს შესთავაზა.

Back to top button