ახალი ამბები

პრეზიდენტი ნატოს სამიტიდან დაბრუნების შემდეგ: “საქართველოსთვის სრულიად ახალი ეტაპი იწყება”

სტამბოლიდან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  30 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტამბოლის ნატო-ს სამიტი საქართველოსთვის ძალიან წარმატებული იყო.


“პირველად გაკეთდა განსაკუთრებული აქცენტი კავკასიის ქვეყნებზე და შავ ზღვაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უპირატესი ყურადღების ქვეშ ექცევა”, აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


ფრანგულ გაზეთთან “ფიგაროსთან” მიცემულ ინტევიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს სრულიად რეალური შანსი 4 წელიწადში ნატოს წევრი სახელმწიფო გახდეს. “საქართველომ შესაძლოა ორ წელიწადში მიიღოს ნატო-ს მომავალი წევრის ოფიციალური სტატუსი, ხოლო შემდგომი ორი წლის განმავლობაში ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდეს”.


ამავე ინტერვიუში, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, “ჩვენთვის [საქართველოსთვის] ნატო თავისებური ბილეთია ევროკავშირში შესასვლელად”.


30 ივნისის ბრიფინგზე პრეზიდენტი რუსეთთან მიმართებაშიც აკეთებს კომენტარს, “სამწუხაროდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ცოტა ეწყინა საქართველოსადმი ნატოს განსაკუთრებული ყურადღება, რაც უსაფუძვლოა, რადგან რუსეთის ინტერესებშიც არის ის, რომ კავკასიის რეგიონს ყურადღება მიექცეს”.


“ფიგაროსთან” მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტი სააკაშვილი დასძენს, “რუსეთი შიშობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ჯარები განლაგდება, თუმცა ჩვენ გარკვევით ვაცხადებთ, რომ ამის სურვილი არ გვაქვს”.

Back to top button