ახალი ამბები

ე.წ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში საკონტროლო კომისიას დაქვემდებარებული ჯგუფი იქმნება

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც რეგულარულ შეხვედრებს გამართავს, სადაც განიხილავს კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას. ამის შესახებ მხარეებმა [ქართული, ოსური, რუსული] დღეს ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება.
 
“ეს ჯგუფი ოთხივე მხარის წარმომადგენელებით დაკომპლექტდება, რომელიც მუდმივად იმუშავებს ადგილზე და საკონტროლო კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულებას გაუწევს მონიტორინგს. ჯგუფის შექმნის მიზანი კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების თავიდან აცილებაა“,  განაცხადა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩმა ლევ მირონოვმა.
 
ახალადშექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა 22 ივლისს გაიმართება. 
 
დღესვე სხდომაზე ქართულმა მხარემ, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხში გოგა ხაინდრავა წარმოადგენდა, იმ სამი ქართველი მძევლის უპირობო განთავისუფლება მოითხოვა, რომელიც 7 ივლისს ოსურმა მხარემ უკვე განთავისუფლებულ 50-მდე სამშვიდობოსთან ერთად დააკავა.
 
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგანგებო დავალებათა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა კი სხდომაზე ქართულ მხარეს კონფლიქტის ზონაში დამატებითი საგუშაგო პუნქტების გაუქმება და შესაბამისად 16 ივლისს მოსკოვში ხელმოწერილი პროტოკოლის შესრულება მოსთხოვა.
 

მსგავსი/Related

Back to top button