ახალი ამბები

ხელისუფლება სარისკო საგადასახადო რეფორმას იწყებს

საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, 2005 წლიდან საქართველოს პოსტ-საბჭოთა სივრცეში ყველაზე ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი ექნება, რაც ცალკეული გადასახადების შემცირებასთან ერთად, მოქმედი 21 გადასახადიდან მხოლოდ 9 მათგანის შენარჩუნებას ითვალისწინებს.


საგადასახადო კოდექსის მთავარი პრინციპების პრეზენტაცია სამთვიანი მუშაობის შემდეგ ხელისუფლებამ ბიზნესმენებთან ერთად 13 ივნისს მოაწყო. საზოგადოების უფრო ფართო სპექტრს კი კოდექსის საერთო-სახალხო განხილვის შესალებლობა 21 ივნისიდან მიეცა, რაც ამ მიზნით ფინანასთა სამინისტრომ პროექტი საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
 
“პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდა საგადასახადო განაკვეთების ოდენობა, ჩამოყალიბდა პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველოში  უნდა იყოს უფრო ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი ვიდრე ჩვენ მეზობელ ქვეყნებში, რამაც სტაბილიზიციასთან ერთად ქვეყანაში მიმზიდველ საინვესტიციო გარემო უნდა შექმნას”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ საგადასახადო კოდექსზე მომუშავე სამთავრობო კომისიის წევრმა, დეპუტატმა შოთა გვენეტაძემ.
 
წარმოდგენილი ვარიანტით, რომელიც მთავრობის მტკიცებით, გაცილებით ლიბერალურია, ვიდრე დღეს მოქმედი საგადასახადო სისტემა, ამჟამად არსებული 21 გადასახადიდან 12 გადასახადი უქმდება. ესენია: ავტომობილის მესაკუთრეთა, ქონების გადაცემის, ეკონომიკური საქმიანობისთვის, მავნე ნივთიერებებით დაბინძურების, ავტოტრანსპორტის ზენორმატიული დატვირთვისთვის, ფიქსირებული, მცირე ბიზნესის, საკურორტო, სასტუმროს, რეკლამის, ადგილობრივი სიმბოლიკით სარგებლობისა და ადგილობრივი გზებით სარგებლობის გადასახადები.


ამ გადასახადების გაუქმებით ბიუჯეტს ყოველწლიურად 72 მილიონი ლარი დააკლდება, თუმცა ოფიციალური გათვლებით ამ გადასახადების ადმინისტრირება უფრო ძვირი ჯდებოდა, ვიდრე აქედან ამონაგები თანხა იყო. 


ახალი კოდექსის მიხედვით დარჩება მხოლოდ 9 გადასახადი: საშემოსავლო, სოციალური, მოგების, დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ), აქციზი, ქონების, გადასახადი სათამაშო ბიზნესისათვის, მიწის გადასახადი და გადასახადი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის.


გადასახადების მექანიკურ შემცირებასთან ერთად გათვალისწინებულია დარჩენილი გადასახადების განაკვეთების შემცირებაც. კერძოდ, დღეს მოქმედი 33%-იანი სოციალური გადასახადი 20%-მდე შემცირდება, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 20%-დან 12%-მდე დაიკლებს, ასევე დაგეგმილია დღგ-ს 20%-დან 18%-მდე შემცირება.
 
მთავრობა ფიქრობს, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის პრაქტიკაში გამოცდის მიზნით, ორი საყოველთაო ტიპის გადასახადი – საშემოსავლო და სოციალური, უკვე 2004 წლის ნოემბრიდან შევიდეს ძალაში.


ახალი განაკვეთრბის ტესტირებისას ხელისუფლება თავს იზღვევს და ქმნის 50 მილიონიან სარეზერვო ფონდს. თუ ექსპერიმენტი არ გაამართლებს სარეზერვო თანხები გამოყენებულ იქნება დანაკარგების ასანაზღაურებლად ისე, რომ ნოემბერ-დეკემბერში ამოქმედებულმა ახალმა საგადასახადო განაკვეთებმა ბიუჯეტის სეკვესტრი არ გამოიწვიოს.
 
“საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილებაა, მაგრამ ადმინისტრირების გაუმჯობესების ხარჯზე რისკის მომენტებიც შემცირდება, მე არა მგონია, რომ ახალი კოდექსის პირობებში იმაზე ნაკლები გადასახადი ამოვიდეს, ვიდრე ეს აქამდე იყო”, აცხადებს შოთა გვენეტაძე.


შემცირებული გადასახადების შედეგად წარმოქმნილი დანაკარგების კომპენსირებას ხელისუფლება ადმინისტრირების გაუმჯობესებით გეგმავს. “ადმინისტრირება უმაღლეს დონეზე უნდა განხორციელდეს, რისი წინაპირობებიც უკვე გამოიკვეთა”, განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ შოთა გვენეტაძემ.


მეწარმეთა ერთი ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს ასევე ის ფაქტი, რომ გაუქმებული და შემცირებული გადასახადების დაბალანსებას მთავრობა აქციზური გადასახადისა და სათამაშო ბიზნესზე გადასახადის გაზრდითაც აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით თითქმის ყველა აქციზურ საქონელზე გაიზრდება გადასახადი, გარდა ნავთობპროდუქტებისა, ანდა შესაძლოა აქ გადასახადის ძალიან უმნიშვნელო მატება მოხდეს, რადგან ნავთობზე ფასების ზრდა ავტომატურად გამოიწვევს ქვეყანაში საერთო ფასების მატებას.


ბიზნესმენებმა, რომლებიც პარლამენტის იმ სათათბირო ორგანოში არიან გაერთიანებულნი, რომელიც ზოგადად ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობს, უარყოფითად შეაფასეს მთავრობის ინიციატივა აქციზური გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებით, რადგან  მათი თქმით, “ეს ჩრდილოვან ეკონომიკის განვითარებასა და კონტრაბანდას ხელოვნურად წაახალისებს”.
 
“ახალი საგადასახადო კოდექსის უმთავრესი მიზანი ფისკალური ეფექტის მიღება, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და ზოგადად კეთილდღობის მიღწევაა, რაც გადასახადების განაკვეთების ასეთი შეთამაშებული მანიპულირებით, რომ ერთი გადასახადი მცირდება და მეორე უსაშველოდ იზრდება, ვერანაირად ვერ მიიღწევა”, განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა მაქაცარიამ.


თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ იგი მზად არის შენიშვნების მისაღებად და შემოთავაზებული საგადასახადო კოდექსის ვარიანტში შესწორებების შესატანად. ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძის ინიციტივით, სამთავრობო კომისიის საბოლოო ვერდიქტის შემდეგ კანონპროექტი ტესტირებას გაივლის იმ ადამიანებში, ვისაც მასთან მუდმივი შეხება ექნება.


“ჩვენ კი არ უნდა ავუხსნათ რიგით ბუღალტრებს, თუ რას ნიშნავს კოდექსის ესა თუ ის დებულება, არამედ უნდა დავწეროთ ისე, რომ მათ ყველა ნორმა კარგად გაიგონ”, აცხადებს გვენეტაძე.
 
თუმცა ხელისუფლების ოპტიმიზმს ამ მიმართულებით ყველა არ იზიარებს. “პროფესიონალ ბურალტერთა და აუდიტორთა კავშირის” თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი სწორედ ამ მიმართულებით უყენებს ავტორებს პრეტენზიებს. მისი თქმით, “შემოთავაზებული საგადასახადო განაკვეთები მეტნაკლებად მისაღებია, თუმცა ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს კოდექსის ბუნდოვანი ადმინისტრაციული ნაწილი, რომელიც არსებულზე უარესია”.


“მთავრობაში არის მზარდყოფნა, რომ გაითვალისწინებულ იქნას ყველა ის პრინციპული შენიშვნა, რასაც ბიზნესმენები წარადგენენ, ბუნებრივია, რომ კოდექსის დეტალური განხილვისას ბევრი კრიტიკული მოსაზრება გაჩნდება, მაგრამ ძნელია, რომ რომელიმე ბიზნესმენი არ დაეთანხმოს იმ პრინციპებს, რაც მთვარობამ წარმოადგინა”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ისაკაძემ.


ახალი საგადასახადო რეჟიმი არანაირ შეღავათებს არ ითვალისიწნებს და თანაბარ პირობებში აყენებს როგორც ადგილობრივ მეწარმეთა ყველა კატეგორიას, ისე უცხოელ ინვესტორებს. 
 
“კომისიაში იყო მსჯელობა, რომ ინვესტორს, რომელიც 10 მილიონზე მეტ თანხას აბანდებს, იმისთვის, რომ სტაბილურობის განცდა გაუჩნდეს სახელმწიფომ წინასწარ დაუთვალოს გადასახადების ოდენობა, რაც თავის მხრივ სახელმწიფოსაც აძლევს ხელს ბიუჯეტის ზუსტი დაგეგმისათვის, ამგვარი მიდგომა არანაირად არ ეწინააღმდეგება გადასახადი გადამხდელთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს”, განუცხადა შოთა გვენეტაძემ “სივილ ჯორჯიას.“ 
 
სავალუტო ფონდს მთავრობამ უკვე გაუგზავნა საგადასახადო კოდექსის ახალი პროექტი, რომლის შესახებაც ფონდი დაახლოებით ერთ თვეში წარადგენს დასკვნას შესაბამის რეკომენდაციებთან ერთად.
 
“სავალუტო ფონდის რეკომენდაციებიდან ჩვენ ყველაზე მისაღებს გავითვალისწინებთ”, აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.


უკვე არსებობს გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ახალი კოდექსის სრულყოფილი ვარიანტი აგვისტოს დასაწყისში გადაიგზავნება მთვარობიდან პარლამენტში, ხოლო სექტემბერში უკვე მის მიღებას უზრუნველყოფს საკანონმდებლო ორგანო. მანამდე კი ფინანსთა სამინისტრო და სამთავრობო კომისია შენიშვნების გათვალისწინებით საგადასახადო კოდექსის საბოლოო დახვეწაზე იმუშავებენ. 

Back to top button