We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგები შეჯამებულია

27 ივნისს აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ(უსკ) 20 ივნისის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები შეაჯამა, რის შედეგადაც 7%-იანი საარჩევნო ბარიერი მხოლოდ ორმა სუბიექტმა “სააკაშვილი-გამარჯვებულმა აჭარამ” 72,1%-ით და “ბერძენიშვილი – რესპუბლიკელებმა” 13, 51%-იანი მაჩვენებლით გადალახა.


მესამე შედეგი არჩვენა პარტიამ “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”- 5,01%; შემდეგ მოდის “დემოკრატიული სიმართლის პარტია” – 4,01%; მეხუთე ადგილს იკავებს ლეიბორისტული პარტია  – 1,26%, ხოლო მეექვსეს ბლოკი “ძლიერი აჭარა ერთიანი საქართველოსთვის”, რომელშიც “ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” და “ქრისტიან-დემოკრატიული პარტია” იყო გაერთიანებული –  1,03%.


არჩევნებში მონაწილე დანარჩენმა 4-მა სუბიექტმა ერთ პროცენტზე ნაკლები ხმები დააგროვა.


აჭარაში ოფიციალურად დაფიქსირებული 158 421 კაციანი საარჩევნო სიიდან, არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 120 025-მა ამომრჩეველმა მიიღო.


უსკ-ს გადაწყვეტილებით გაუქმდა მხოლოდ ორი საარჩევნო უბნის შედეგები, რომელთაც საბოლოო მონაცემზე გავლენა ვერ იქონიეს.

12-ვე მაჟორიტარულ ოლქში მმართველის პარტიის “სააკაშვილი-გამარჯვებული აჭარას” მაჟორიტარმა კანდიდატებმა მოიპოვეს გამარჯვება.


შედეგად 30 წევრიან ერთპალატიან უმაღლესი საბჭოს  მაჟორიტარულ ფრთას პრეზიდენტის მხარდამჭერი 12 დეპუტატი შეავსებს, ხოლო პროპორციული სისტემისთვის განკუთვნილი 18 ადგილიდან 16-ი ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ერგებათ, 2 ადგილს კი ოპოზიციური “რესპუბლიკელი” დეპუტატები დაიკავებენ.

Back to top button