ახალი ამბები

მთავრობა “რუსთავი 2“-ის ვალების რესტრუქტურიზაციას ახდენს

ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ გაკოტრების საქმე შეაჩერა მას შემდეგ, რაც ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა სასამართლოში სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ კომპანიის ვალების რესტრუქტურიზაციის თაობაზე სარჩელი შეიტანა.


ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება 11 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ რაც “რუსთავი2”-ის დირექტორმა ეროსი კიწმარიშვილმა 8 ივნისს სასამართლოს მიმართა თხოვნით კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის დაწყების შესახებ.


“რუსთავი2”-ს 9,223,385.35 ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 4, 622, 826.51 ლარს შეადგენს.


8 ივნისისათვის კომპანიას დაუდგა 5, 842, 847.92 ლარის სხვადასხვა სახის ფულადი ვალდებულებების შესრულების დრო, რისი გადახდის არც ფინანსური და არც მატერიალური საშუალებები კომპანიის დირექტორის მტკიცებით “რუსთავი2”-ს არ გააჩნია, რადგან მის ხელთ არსებული თანხების და მატერიალური ქონების მთლიანი ღირებულება 3,880,069.34 ლარს შეადგენს. 


საგადასახადო დეპარტამენტი დათანხმდა ვალების რესტრუქტურიზაციაზე “რუსთვავი 2”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შეჩერების სანაცვლოდ.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 17 ივნისს მხარდაჭერა აღუთქვა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2“-ს და განაცხადა, “ჩვენ ყველანაირად ვეცდებით დავიცვათ ნებისმიერი სატელევიზიო კომპანია გაკოტრებისგან, მიუხედავად იმისა, თუ რა რაოდენობის ვალი გააჩნია მას“.


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი და მფლობელი ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას ხელმძღვანელობს, პრეზიდენტ სააკაშვილის ახლო მოკავშირეა.


 

მსგავსი/Related

Back to top button