ახალი ამბები

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება საზღვრების ჩაკეტვას სამართლიანად მიიჩნევს

სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლება ტერიტორიის საზღვრების ჩაკეტვის მოტივად საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ქმედებებს ასახელებს
 
“საქართველოს ხელისუფლების ქმედება გასცდა ყველა ზღვარს“ , ნათქვამია სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  27 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
 
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ქართულ მხარეს 2 ივნისს მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ  ქართულ მხარეს კონფლიქტის ზონაში საგუშაგოთა რაოდენობა უნდა შეემცირებინა.
 
“ამის სანაცვლოდ კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით ხდება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის განკუთვნილი სხვადასხვა სახის, მათ შორის ჰუმანიტარული ტვირთის დაკავება. აქედან გამომდინარე სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება იძულებული იყო წასულიყო ამ ნაბიჯზე [საზღვრების ჩაკეტვაზე]. ამას თან ერთვის ისიც, რომ კონფლიქტის ზონის ქართულ სოფლებში შემჩნეულია ე.წ. “ტყის ძმების” დაჯგუფებები“, ნათქვამია  ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან სამქეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
განცხადების მიხედვით, სამხრეთ ოსეთის საზღვრებს გააკონტროლებენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგანი ჯარის ნაწილები. “საზღვრების ჩაკეტვა არ იმოქმედებს მესამე ქვეყნიდან შემოსულ პირებზე და სატვირტო მანქანებზე. მათ გადაადგილებას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალები უზრუნველყოფენ “, ნათქვამია განცხადებაში.
 
თუმცა გავრცელებული განცხადების მიუხედავად, უკვე მეორე დღეა ვერ ხერხდება რუსეთიდან მომავალი სამგზავრო ავტობუსის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გამოტარება . სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საზღვრების ჩაკეტვა 26 ივნისიდან დაიწყო.
 
“საზღვრების გაკონტროლება-ჩაკეტვა გაგრძელდება იქამდე, სანამ ქართული მხარე არ შეასრულებს პირობას და არ გამოატარებს ჩვენთვის განკუთვნილ ტვირთებს “, აღნიშნულია განცხადებაში. 

Back to top button