
რუსეთი მზად არის ნატოსთან კავკასიის საკითხებში ითანამშრომლოს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 30 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი ნატოს მზარდ აქტიურობას კავკასიის ქვეყნებში “ობიექტურ რეალობად“ მიიჩნევს.
“ნატომ გენერალური მდივნის მოადგილის ახალი თანამდებობა შემოიღო, რომელიც კავკასიისა და ცენტრალური აზიის პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე იქნება პასუხისმგებელი“, განაცხადა სერგეი ლავროვმა.
თუმცა, მან დასძინა, რომ ნატომ არ უნდა უგულებელყოს ის, რაც უკვე გაკეთდა ამ რეგიონებში ტერორიზმთან ბრძოლისა და ნარკოტრანზიტის აღმოფხვრის, ასევე სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით სხვა ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოსა და გაეროს, მონაწილეობით.
მისი თქმით, რუსეთი მზად არის ღია, გამჭვირვალე თანამშრომლობისათვის ყველა დაინტერესებულ ქვეყანასა და ორგანიზაციასთან. “ჩვენ ყველანი სისხლხორცეულად ვართ დაინტერებულნი ამ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებით“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.