ახალი ამბები

რუსეთი თბილისსა და ცხინვალს შორის შუამავლობას ააქტიურებს

მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ლოშჩინინი 24 ივნისს ცხინვალს ეწვია, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართულ მხარესთან შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში მოლაპარაკებები განახლებაზე თანხმობა განაცხადა.

სავარაუდოდ, მოლაპარაკებები მოსკოვში 1 ან 2 ივლისს გაიმართება, რომელშიც ტრადიციულად, ქართული, სამხრეთ ოსური,  რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეები მიიღებენ მონაწილეობას.

ცხინვალში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ლოშჩინინი თბილისში გამოემგზავრა და რეგიონში არსებული სიტუაციის განხილვის მიზნით 25 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
 
მოლაპარაკებების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართულმა მხარემ როკის გვირაბთან ერთობლივი პოსტის შექმნის საკითხი დააყენა. “ამ პოსტის საშუალებით ჩვენ გავაკონტროლებთ კონტრანაბდული ტვითების გადაადგილებას რეგიონში“, განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს.
 
საქართველოს მთავრობამ 11 ივნისს განაცხადა, რომ იარაღით დატვირთული 160-170 სატვირთო მანქანა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რუსეთიდან სწორედ როკის გვირაბის გავლით შევიდა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საგუშაოგოს გახსნის თაობაზე რუსეთის დელეგაციის მხრიდან ჯერ პასუხი ქართულ მხარეს არ მიუღია.
 
ვალერი ლოშჩინინმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ “საჭიროა კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარება შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში”.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვალერი ლოშჩინინი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში მის პირად წარმომადგენლად 2002 წელს დანიშნა. მას შემდეგ ლოშჩინინი აქტიურად იყო ჩართული აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებთან მოლაპარაკებებში. როგორც ჩანს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაშიც მოუწევს აქტიური ჩართვა.
 
ცხინვალში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკებებამდე ერთი დღით ადრე, 23 ივნისს, ლოშჩინინი ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზს ეწვია, სადაც პრეზიდენტ ალექსანდრე ძასოხოვთან გამართა შეხვედრა. რუსული მედიის ცნობით, მხარეებმა “მეზობელ სამხრეთ ოსეთში” არსებული სიტუაცია განიხილეს.
 
ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 24 ივნისს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია ე.წ სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაციის განხილვის მიზნით, 2 ივლისს მოსკოვში გაემგზავრება. სავარაუდოდ, სამხრეთ ოსეთის საკითხი გახდება რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა. 

უკანასკნელი მოლაპარაკებები ქართულ და ოსურ მხარეებს შორის შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში 2 ივნისს ცხინვალში გაიმართა. შეხვედრას ორივე მხარე, მათ შორის რუსეთიც, მიესალმა. მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ რეგულარული მოლაპარაკებები შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში, რომელიც ამ დრომდე არაერთხელ გადაიდო.
 
2 ივნისის შემდეგ თბილისსა და ცხინვალს შორის არსებული ურთიერთობები ურთიერთბრალდებებით იყო გაჯერებული. ცხინვალი გააღიზიანა თბილისის ინიციატივამ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სოფლებში ჰუმანიტარული დახმარების, კერძოდ სასოფლო-სამეურნეო სასუქების შეტანის თაობაზე. ცხინვალი ასევე მოითხოვს თბილისისგან საქართველოს შინაგანი ჯარის დამატებითი შენაერთების კონფლიქტის ზონიდან გაყვანას, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ მაისის ბოლოს კონტრაბანდასთან ბრძოლის მოტივით გააგზავნა კონფლიქტის ზონაში.
 
სამხრეთ ოსეთის სამხედრო შენაერთების მიერ 22 ივნისს განხორციელებულმა წვრთნებმა კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა მხარეებს შორის. წვრთნების დროს აფეთქებული ჭურვის შედეგად 70 წლის ქართველი  ქალბატონი დაიჭრა.
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ულტიმატუმი წაუყენა ოსურ მხარეს და ცხინვალის ხელისუფლებას ინციდენტისთვის პასუხისმგებელი პირის დაკავება და ქართული მხარისთვის გადმოცემა 48 საათში მოსთხოვა. თუმცა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა 24 ივნისს დაგმო „ულტიმატუმების ენა“  და თბილისს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდა.
 
იმავე დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გია გეწაძემ განაცხადა, რომ სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს სამართალდამცავებმა სამხრეთ ოსეთის ჯავის რაიონში რუსეთის სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც სავარაუდოდ საქართველოში სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდნენ. დაკავებულები ოსები არიან, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჩრდილოეთ ოსეთიდან შემოვიდნენ.

Back to top button