ახალი ამბები

პარლამენტმა კონტროლის პალატის ახალი თავმჯდომარე დაამტკიცა

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დღეს პარლამენტმა კონტროლის პალატის ახალ თავმჯდომარეს ზურაბ სოსელიას ერთხმად, 150 ხმით დაუჭირა მხარი. ზურაბ სოსელიას კანდიდატურა, რომელიც დღემდე ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო, პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილებიდან გამომდინარე დაასახელა.


თუმცა სოსელიას კანდიდატურას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობაში.


“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სერიოზული კამათისა და აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ პარლამენტი ერთსულოვან გადაწყვეტილებამდე მივიდა”, განაცხადა 24 ივნისს ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის საგანგებო სხდომაზე.


კონტროლის პალატის ახალმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ის დაინტერესდება ყველა ძველი და ახალი საქმეებით, სადაც კანონდარღვევა იქნება და რაზეც საზოგადოებრივი შეკვეთა წამოვა.

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე და ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის ახლო მოკავშირე სულხან მოლაშვილი გასულ თვეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააპატიმრეს. 


 

Back to top button