ახალი ამბები

საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებულია ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხედრო წვრთნების მიმდინარეობით

საქართველოს ხელისუფლება აღშფოთებას გამოთქვამს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განვითარებული მოვლენების, კერძოდ კი, ოსი და რუსი  სამხედროების ერთობლივი სამხედრო წვრთნების დაწყების გამო, რის შედეგადაც 22 ივნისს სოფელ არგვეთში ქართველი მცხოვრები თამარ ღამბაშიძე დაიჭრა.
 
“ამ ინციდენტების გამო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს  მოვლენების განვითარებას და მთელი პასუხისმგებლობით ვეკიდებით შექნილ ვითარებას“, განაცხადა დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ.
 
კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა ამ ინციდენტის გამოძიებას მოითხოვს.
 
შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის 22 ივნისის ულტიმატუმის მიუხედავად, რომელიც 48 საათში სამხედრო წვრთნების შეწყვეტას უკავშირდებოდა, წვრთნები კონფლიქტის ზონაში დღესაც გრძელდება.
 
ირაკლი ოქრუაშვილმა 22 ივნისს გაკეთებულ განცხადებში, არ გამორიცხა სპეცოპერაციის ჩატარება, თუ 48 საათში მისი ულტიმატუმი არ შესრულდებოდა.

მსგავსი/Related

Back to top button