ახალი ამბები

რუსეთმა და საქართველომ სამხედრო ბაზების თაობაზე მოლაპარაკებები განაახლეს

საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ ანთაძის ხელმძღვანელობით მოსკოვში იმყოფება, სადაც საქართველოდან რუსეთის ორი სამხედრო ბაზის გაყვანის თაობაზე მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდია დაგეგმილი.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 22 ივნისს მიესალმა რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების განახლებას, რომელიც ორ წელიწადზე მეტია შეჩერებული იყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 22 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრა მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად გზების ძიებას.


“ქართული მხარე იმედოვნებს, რომ სახელმწიფო დელეგაციების ახალი ხელმძღვანელების მუშაობა კონსტრუქციულად წარიმართება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ადაპტირებული ხელშეკრულების განხორციელებას, რომელიც უსაფრთხოების ევროპული სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენს“, ნათქვამია  განცხადებაში.


რუსულმა მხარემ იგორ სავოლსკი 10 ივნისს სამხედრო ბაზების თაობაზე მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელად დანიშნა.


“ჩვენ არ ვისახავთ მიზნად გავაჭიანუროთ ჩვენი ბაზების საქართველოში ყოფნა. თუმცა, ბაზების გამოყვანის ვადების განსაზღვრისას, საჭიროა გავითვალისწინოთ რუსეთის ტერიტორიაზე ამ ბაზებისთვის ინფრასტრუქტურის შექმნის აუცილებლობა. მაგრამ, სანამ ისინი საქართველოში რჩებიან, საჭიროა განისაზღვროს მათი [სამხედრო ბაზების] იურიდიული სტატუსი. შესაბამისი ორმხრივი ხელშეკრულების არარსებობა არანორმალური ვითარებაა“, განაცხადა იგორ სავოლსკიმ.


21 ივნისს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ორი სამხედრო ბაზის საქართველოდან გამოყვანისთვის და რუსეთის ტერიტორიაზე მათი განთავსებისთვის 300 მილიონი აშშ დოლარია საჭირო.


 

მსგავსი/Related

Back to top button