ახალი ამბები

ქართველი მესაზღვრეები საბრძოლო მზადყოფნაში არიან

ქართველი მესაზღვრეები რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთებზე საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან მას შემდეგ, რაც შეიარაღებულ ჩეჩენ მებრძოლთა ჯგუფი გასულ ღამეს თავს დაესხა ინგუშეთის რესპუბლიკის პოლიციის საგუშაგოებს და სამთავრობო შენობას.


საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის ბადრი ბიწაძის განცხადებით, “ქართველი მესაზღვრეები მზად არიან აღკვეთონ მებრძოლთა მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებისმიერი მცდელობა“.


“ჩვენმა რუსმა კოლეგებმა გვაცნობეს გასულ ღამეს ინგუშეთში მომხდარი თავდასხმის შესახებ“, განუცხადა ბიწაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს 22 ივნისს.


მისი განცხადებით, გაიხსნა დამატებითი საგუშაგოები რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთებზე საზღვრის უკანონო გადაკვეთის აღსაკვეთად.


არსებული ინფორმაციით, ინგუშეთის დედაქალაქ ნაზრანში მომხდარი შეტაკების შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ უბრალო მოქალაქეები და ინგუშეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. 

მსგავსი/Related

Back to top button