ახალი ამბები

საქართველოდან ბაზების გასაყვანად რუსეთი 300 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 21 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოდან რუსეთის ორი სამხედრო ბაზის გასაყვანად და მათი რუსეთის ტერიტორიაზე განსათავსებლად 300 მილიონი აშშ დოლარია საჭირო.


“ბაზების გამოყვანის დაფინანსების სხვა წყაროების არარსებობის შემთხვევაში, რუსეთის ფინანსთა სამინისტრო მზად არის გამოყოს გარკვეული თანხები ამ მიზნით”, აცხადებს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“ თავდაცვის მინისტრის სიტყვებზე დაყრდნობით.


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა არ უკავშირდება ბაზების გაყვანის საკითხის დაჩქარებას.


“ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის საკითხი მხოლოდ იდეის დონეზე არსებობს. ის არ არის და არც შეიძლება იყოს დაკავშირებული ბაზების გამოყვანის ვადებთან. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ, რომ სანამ ჩვენ არ შევქმნით ორ ახალ ბაზას რუსეთის ტერიტორიაზე, საქართველოდან ბაზებს ვერ გავიყვანთ“, დასძინა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.


საქართველო რუსეთს სამი წლის ვადაში თხოვს ბაზების გაყვანას, მაშინ როცა რუსეთი მხოლოდ ცხრა წელიწადზე თანხმდება. 
 

მსგავსი/Related

Back to top button